„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, მრავალშვილიანი ოჯახი ერაყიდან საქართველოში თავშესაფარს მიიღებს
13 ივლისი, 2022„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ერაყის მოქალაქე, ბატონი ა.ვ.მ. და მისი ოჯახი (მათ შორის, 9 ბავშვი) საქართველოში თავშესაფარს მიიღებენ.
ბენეფიციარებმა 2014 წელს დატოვეს ერაყი საომარი მდგომარეობის გამო და ჩამოვიდნენ საქართველოში, სადაც მოითხოვეს საერთაშორისო დაცვის მინიჭება.
მომდევნო წელს ადმინისტრაციულმა ორგანომ ბენეფიციარებს მიანიჭა საერთაშორისო დაცვა საქართველოში, მაგრამ 2017 წელს მათ ჰუმანიტარული სტატუსი ჩამოერთვათ. მას შემდეგ ოჯახი ჰუმანიტარული სტატუსის აღდგენას უშედეგოდ ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2020 წელს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება 2022 წელს გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, გააუქმა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილებით მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა ბენეფიციარებისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ბენეფიციარების ოჯახის ინტერესებს როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში იცავდა „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ნინო ხეცაძე.
ბენეფიციარების ოჯახს სამართლებრივი დახმარება გაეწია პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით ახორციელებს.