„უფლებები საქართველო“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის საქმიანობაში ჩაერთო

„უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი სამთავრობო კომისიის წევრი გახდა. მისი კანდიდატურა კომისიაში საქართველოს სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კვოტით წარადგინა.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, საკონკურსო კომისიაში „უფლებები საქართველოს“ მონაწილეობა მიზნად ისახავს პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევის შესახებ.
კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და მასთან ერთად, მეორე დამოუკიდებელი ორგანოს - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაჩქარებულად, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური წარმომადგენლობების მწვავე კრიტიკის ფონზე მიიღო. მანამდე, ორი ახალი უწყების ფუნქციებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას წარუდგენს. შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად 2 კანდიდატს წარუდგენს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2022 წლის მარტიდან უნდა ამოქმედდეს. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.