შესვლა

ბლოგი: ბათუმის ტრაგედიაზე ევროსასამართლოში სახელმწიფო თავის გამართლებას ვერ შეძლებს 

11 ოქტომბერი, 2021

ევროსასამართლოს პრეცედენტების მიხედვით, თვითნებური სამშენებლო საქმიანობის შედეგად ადამიანების გარდაცვალებაში ბრალი სახელმწიფოს ეკისრება 

ავტორი: ნანა მჭედლიძე, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი

8 ოქტომბერს, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად, ამ დროისთვის, ცხრა ადამიანია გარდაცვლილი. „უფლებები საქართველო“ საჭიროდ მიიჩნევს, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები განიხილოს. 

საკანონმდებლო რეგლამენტაციის და ინსპექტირების ვალდებულება

ნეგატიური ვალდებულებისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ხელყოს სიცოცხლე, პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატაროს ღონისძიებები სიცოცხლის დასაცავად.  

საქმეზე, ჯევრიოუღლუ თურქეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა  სასამართლომ განმარტა, რომ იმ საქმიანობის კონტექსტში, რომელიც საფრთხეს უქადის ადამიანის სიცოცხლეს, მათი ორგანულად რისკის შემცველი ხასიათის გამო, სახელმწიფოს ევალება, მიიღოს გონივრული ზომები, რათა უზრუნველყოს ინდივიდთა უსაფრთხოება. ამ ვალდებულებებში, უწინარეს ყოვლისა, იგულისხმება რეგულაციების მიღება, რომლებიც საქმიანობის სპეციფიკურ ხასიათს ითვალისწინებს. 

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები მხოლოდ რეგულაციების დაწესებით არ შემოიფარგლება. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც არ არის მიღებული უსაფრთხოების ზომები სამშენებლო უბნებზე, განსაკუთრებით, საცხოვრებელ ადგილას, საფრთხე შეიძლება დაემუქროს არა მარტო სამშენებლო უბანზე მომუშავე პირებს, რომლებმაც უფრო იციან პოტენციური რისკის შესახებ, არამედ, ზოგადად, საზოგადოებასაც, განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან ბავშვები. ამიტომაც არის, რომ სხვა სფეროებისგან განსხვავებით, სადაც კონკრეტული საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, მკაცრი ინსპექტირების მექანიზმის არარსებობა შეიძლება არ წარმოშობდეს პრობლემას, მშენებლობის კონტექსტში სახელმწიფოს აკისრია უფრო მკაცრი ვალდებულებები საზოგადოების წევრების მიმართ, რომლებსაც ცხოვრება უწევთ ძალზე რეალურ საფრთხესთან, რასაც მათ სიახლოვეს წარმოებული სამშენებლო საქმიანობა ქმნის. 

საფრთხის წინასწარგანუჭვრეტლობასთან დაკავშირებით, ჯევრიოღლუს საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ არაგონივრული არ იყო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უბედური შემთხვევისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას სამშენებლო უბნის ინსპექტირება არ მოუხდენია. მართალია, ევროპული სასამართლო ვერ იმარჩიელებდა იმაზე, სამშენებლო უბნის სათანადო შემოწმების შედეგად უბედური შემთხვევა თავიდან იქნებოდა თუ არა აცილებული, მაგრამ ასეთ ინსპექტირებას შედეგად შეიძლებოდა უსაფრთხოების ზომების მიღება მოჰყოლოდა და სახელმწიფო კონვენციის მე-2 მუხლიდან (სიცოცხლის უფლება) გამომდინარე პასუხისმგებლობისგან გაეთავისუფლებინა.

ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მართალია, სამშენებლო უბანზე უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც შეეძლო დაეცვა ადამიანის სიცოცხლე, საერთო ჯამში,  სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელმა  საკანონმდებლო და ადმინისტრაციულმა ჩარჩომ ქმედითად ვერ აიცილა თავიდან ის საფრთხე, რომელიც სამშენებლო საქმიანობიდან გამომდინარეობდა. ამის მიზეზი იყო ადეკვატური საზედამხედველო მექანიზმის არარსებობა, რომელიც პრაქტიკაში ქმედითად იმუშავებდა და უსაფრთხოების შესატყვისი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფდა. მართალია, ევროპული სასამართლო ვერ დაასკვნიდა, პერიოდულ ad hoc შემოწმებას შეეძლო თუ არა გარკვეული ღონისძიებების შედეგად მოტანა, რომელიც სამშენებლო უბანზე უბედურ შემთხვევას გამორიცხავდა, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მისი ამოცანაა შეაფასოს, სახელმწიფომ შეასრულა თუ არა თავისი ვალდებულება, დაეცვა სიცოცხლე სათანადო რეგულაციური ბაზის მიღებითა და ქმედითი აღსრულებით, მათ შორის, ინსპექტირების მექანიზმით. ამ თვალსაზრისით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოწმების მექანიზმის იმპლემენტაცია უეჭველად გაზრდიდა იმ შეუსაბამობების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების შესაძლებლობას, რომლებმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იმით, რომ სამშენებლო უბანი არ მოწმდებოდა, სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები.

საქართველოსთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მშენებლობის დარგში არა, მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უკვე დადგენილი აქვს სიცოცხლის უფლების დარღვევა ქმედითი რეგულაციური  ჩარჩოს არარსებობის გამო. ბათუმის საავადმყოფოში არალიცენზირებული სამედიცინო საქმიანობა ხორციელდებოდა კარდიოლოგიასა და კლინიკურ გადასხმებში, რამდენიმე ექიმს არ ჰქონდა საჭირო ლიცენზია თუ კვალიფიკაცია, რაც გამოწვეული იყო ლიცენზირების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის ქმედითი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობით. პაციენტი ასეთი სახის სამედიცინო მომსახურების მიღების შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან სახელმწიფოს არ ჰქონდა შესრულებული პოზიტიური ვალდებულება, შეექმნა ქმედითად ფუნქციონირებადი რეგულაციური მექანიზმი, რომელიც საჯარო თუ კერძო საავადმყოფოებში პაციენტთა სიცოცხლის დაცვის მომწესრიგებელი რეგულაციების შესრულებას უზრუნველყოფდა. 

მშენებლობის და ურბანული განვითარების სფეროში უსაფრთხოების ზომების  დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამართლება სახელმწიფომ შეიძლება ეროვნულ დონეზე სამართალწარმოებაში შეძლოს, მაგრამ არა ევროპული სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებაში. მაგალითად, საქმე ბანელი ლიეტუვას წინააღმდეგ ეხებოდა განმცხადებლების 13 წლის ბიჭის დაღუპვას საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამოშლის შედეგად მიღებული დაზიანებებისგან. მოპასუხე სახელმწიფოში მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმის გამო, მოცემულ დროს, მუნიციპალიტეტში არავინ იყო პასუხისმგებელი ავარიული სახლების უსაფრთხოებაზე. ეს ევროპული სასამართლოსთვის სახელმწიფოს გამამართლებელი მიზეზი არ იყო.  

ქმედითი გამოძიების ვალდებულება

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მ.ოზელი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ საცხოვრებელ კორპუსებში მაცხოვრებელთა გარდაცვალებაზე ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) მოქმედება გაავრცელა. ამ საქმეზე განმცხადებლებმა, რომლებიც გარდაცვლილთა ნათესავები იყვნენ, ევროპულ სასამართლოში განაცხადი ეროვნულ დონეზე ბოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ შეიტანეს, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ პრეტენზიის დაუშვებლობის საფუძველია. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ მაინც განმარტა, რომ მიწისძვრამ გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი, ვინაიდან მშენებლობები არ შეესაბამებოდა უსაფრთხოებისა და მშენებლობის სტანდარტებს, რაც ამ ზონისთვის იყო დადგენილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვისი ფუნქციაც იყო მონიტორინგი ჩაეტარებინა და მოეხდინა მშენებლობის ინსპექტირება, თავისი მოვალეობა არ შეასრულა.

ოზელის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განიხილა სახელმწიფოს ვალდებულება, ჩაეტარებინა ქმედითი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას იგი დროულად უნდა ჩაეტარებინა, რათა თავიდან აეცილებინა ყოველგვარი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ასეთ ფაქტებს მოთმინებით მოეკიდებოდა. ამის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე სამართალწარმოება გაჭიანურდა. აგრეთვე სისხლისსამართალწარმოება დაიწყო იმ საცხოვრებელი კორპუსების დეველოპერების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოინგრა და მათ მშენებლობაში უშუალოდ ჩართული პირების წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლებამ უარი განაცხადა, დაეწყო სისხლის სამართალწარმოება საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, ვინაიდან მშენებლობა ნებართვის გარეშე წარმოებდა. დაბოლოს, ეროვნულ სამართალწარმოებაში, განმცხადებლებმა მიიღეს მინიმალური კომპენსაცია მორალური ზიანისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა საპროცესო ნაწილში და სახელმწიფოს დააკისრა 30 000 ევროს გადახდა თითოეული დაზარალებულისთვის. 

მშენებლობის სფეროშიც, ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ პოზიტიური ვალდებულება ისე არ უნდა იქნეს განმარტებული, რომ სახელმწიფო ხელისუფლებას შეუძლებელ ან არათანაბარზომიერ ტვირთს აკისრებდეს. ეს განმარტება ევროპულმა სასამართლომ, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ ზინატულინის საქმეზე გააკეთა. მშენებლობაზე კონტროლის განხორციელების ვალდებულება სახელმწიფოზე დაკისრებული გადამეტებული ტვირთი არ არის და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა შესაბამის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს. ზინატულინის საქმეზე სკოლის მოსწავლე სკოლის მახლობლად მდებარე დაუმთავრებელი შენობის მესამე სართულის ნაპრალიდან მეორე სართულზე ჩამოვარდა და აგურების გროვას დაეცა, რის შედეგადაც ბავშვმა სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიიღო და ქრონიკული ხასიათის შეზღუდული შესაძლებლობა შეიძინა. ცხადია, სამშენებლო კომპანია იყო ბრალეული, რადგან მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ მერიის ოფისსაც მიუძღოდა ბრალი, რადგან კონტროლი მშენებლობაზე არ განუხორციელებია.

10 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: „2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა“.

როგორც ევროპული სასამართლოს ზემოთ მიმოხილული სტანდარტებიდან თვალნათლივ ჩანს, ის გარემოება, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურის მიერ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა არ ყოფილა გაცემული და მშენებლობა თვითნებური იყო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.  სამშენებლო საქმიანობაზე ქმედითი კონტროლის არარსებობა ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, დაეცვა სიცოცხლე. შესაბამისად, თვითნებური სამშენებლო საქმიანობის შედეგად ადამიანების გარდაცვალება ბრალად სახელმწიფოს შეერაცხება. ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა მის მატერიალურსამართლებრივ ნაწილში.

მეორე მხრივ, სახელმწიფო დამატებით დაარღვევს სიცოცხლის უფლებას მის საპროცესოსამართლებრივ ასპექტში, თუ არ ჩაატარებს სრულყოფილ, დროულ, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ გამოძიებას, რომლის შედეგებიც, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, დაზარალებულებისა და საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი და რომლის შედეგადაც ყველა ბრალეული - კერძო თუ თანამდებობის პირი უნდა დაისაჯოს სიცოცხლის მოსპობისთვის.


 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!