შესვლა

ბლოგი: სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს არ არღვევს

30 სექტემბერი, 2021

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა ნებაყოფლობით და სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ნანა მჭედლიძე, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი

კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, ვაქცინაციასთან დაკავშირებული მისინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალური პრობლემაა. ვაქცინაციაზე უარის თქმისას, სამედიცინო თვალსაზრისით მცდარ ინფორმაციასთან ერთად, ხშირად არასწორად მითითებულია ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. 

„უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ნანა მჭედლიძე ბლოგში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას ნებაყოფლობით და სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. სტატიის მიზანია, საზოგადოებას აცნობოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებების და პირთა უფლებების შესახებ არსებული ევროპული სტანდარტის შესახებ, რომელიც სავალდებულოა ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოსთვის, საქართველოს ჩათვლით. 

არღვევს თუ არა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის კამპანია ადამიანის უფლებებს

პირველი განჩინება, რომელშიც ევროპული სტანდარტი აისახა, მიღებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1978 წელს საქმეზე მშობელთა გაერთიანება გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. განჩინებით განაცხადი არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული.

განმცხადებელი ორგანიზაცია შედგებოდა მშობლებისგან, რომელთა შვილებსაც დიფტერიის, პოლიომიელიტის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე და ქრონიკული პრობლემები განუვითარდათ ან გარდაიცვალნენ.

განმცხადებლის მტკიცებით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა  ჩვილების და ბავშების ვაქცინაციის რეგულარულ კამპანიას ისე, რომ მშობლებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია აცრის რისკების შესახებ, რათა მათ გადაწყვეტილება სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მიეღოთ. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ამით კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება დაირღვა და ითხოვდა შესაბამის კომპენსაციას. 

სიცოცხლის უფლება

სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით, ევროპულმა კომისიამ განმარტა, რომ ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში სიკვდილიანობა მცირეა და ამ პროგრამის ერთადერთი მიზანია, დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა გადამდები დაავადებების გამორიცხვის გზით. შესაბამისად, თუნდაც პირი გარდაიცვალოს ვაქცინაციის შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევას ადგილი არ აქვს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სიცოცხლე არ არის განზრახ ხელყოფილი და სახელმწიფოს არ დაურღვევია თავისი პოზიტიური ვალდებულება, ადეკვატური ზომებით დაეცვა სიცოცხლე. 

ვაქცინაციის უარყოფითი შედეგები

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უნდა აცნობიერებდეს, რომ ვაქცინაციას რეალურად შეიძლება, „ნეგატიური რეაქციები“ მოჰყვეს და მათ მაქსიმალურად შემცირებას უნდა ცდილობდეს. ასეთ შემთხვევაში, ევროპული სტანდარტი გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: 

1)    შექმნილია ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი უწყება, შემდგარი სპეციალისტებისგან, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს უწევენ კონსულტაციას ვაქცინაციის ყველა სამედიცინო ასპექტის შესახებ, ამა თუ იმ პროგრამის დანერგვამდე; 
2)    გაცემულია დირექტივა, რომ ვაქცინაციასა თუ იმუნიზაციამდე ყველა ექიმი ვალდებულია, შეაფასოს თითოეული პაციენტის მდგომარეობა, შეამოწმოს შესაძლო საწინააღმდეგო ჩვენებების არსებობა და სისტემატურად აღრიცხოს უარყოფითი რეაქციები; 
3)    ექიმებისთვის დარიგებულია ლიტერატურა ვაქცინაციისა თუ იმუნიზაციის პროგრამებზე, რომლითაც ისინი იღებენ ინფორმაციას ცნობილი სამედიცინო რისკებისა და საწინააღმდეგო ჩვენებების შესახებ;
4)    უკვე მოქმედი პროგრამები პერიოდულად გადასინჯულია ერთობლივი უწყების მიერ; 
5)    ვაქცინების წარმოება და დისტრიბუცია კონტროლდება ლიცენზირების სისტემის მეშვეობით; 
6)    შექმნილია უწყება, რომლის ფუნქციაცა ვაქცინის უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შეფასებაა. 

ვინაიდან გაერთიანებული სამეფოს მიერ ყველა ეს ღონისძიება განხორციელებული იყო, ევროპულმა კომისიამ დაასკვნა, რომ განმცხადებელი ორგანიზაციის მტკიცება სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევის თაობაზე აშკარად დაუსაბუთებელი იყო. 

პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის შეფასებით, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას არამცთუ არ არღვევს, ამ დროს, ამ უფლებაში ჩარევაც კი არ ხდება. შესაბამისად, კომისიამ განმცხადებლის მტკიცება პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის შესახებ არსებითად განსახილველად არ მიიღო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამასთან, კომისიამ განმარტა, რომ ვაქცინაციის შესაძლო თანმდევი გარკვეული რისკები საყოველთაოდ ცნობილია. ნებაყოფლობითი ვაქცინაციის დროს, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება არ უნდა განიმარტოს, როგორც სახელმწიფოზე ვალდებულების დაკისრება, მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ჩვენებებსა თუ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებულ რისკებზე. 

არღვევს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის გადაწყვეტილება საქმეზე ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის წინააღმდეგ ეხება ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამას. ჩეხეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მედიცინისთვის ცნობილი გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბავშვების სავალდებულო აცრას.

სახელმწიფოს ფართო დისკრეცია 

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს ფართო უფლებამოსილებები აქვს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით, შემდეგი გარემოებების გამო:

•    ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებობს საერთო კონსესუსი, რომელსაც ასევე მხარს უჭერენ საერთაშორისო სპეციალიზირებული ორგანოები, რომ ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტური სამედიცინო ჩარევა და რომ თითოეული სახელმწიფო უნდა ეცადოს ვაქცინაციის შესაძლო უმაღლეს დონეს მიაღწიოს;
•    არ არსებობს საერთო კონსესუსი ბავშვების ვაქცინაციის ერთ კონკრეტულ მოდელზე. სახელმწიფოებში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკის ფართო სეპქტრი, სადაც აცრები სრულად სარეკომენდაციოა, ან რამდენიმე აცრაა სავალდებულო, ან ყველა აცრა სავალდებულოა;
•    ბავშვთა აცრის საკითხის სენსიტიურობა  განპირობებულია არა მარტო იმ პირთა შეხედულებებით, რომლებიც ვაქცინაციას არ ეთანხმებიან, არამედ საზოგადოებრივი სოლიდარობის ღირებულებითაც. ბავშვთა სავალდებულო აცრის მიზანია საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვა, განსაკუთრებით, მათი, რომლებიც გარკვეული დაავადებების მიმართ მოწყვლადები არიან და რომელთა დასაცავადაც მოსახლეობას ეთხოვა, გაეწია მინიმალური რისკი აცრის სახით;
•    ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხები ეროვნული ხელისუფლების დისკრეციის ფარგლებში ხვდება. ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია უკეთ  განსაზღვროს პრიორიტეტები და საზოგადოებრივი საჭიროებები.

საზოგადოებრივი საჭიროება 

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება არის ხელისუფლების პასუხი მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებაზე, დაიცვას ინდივიდის და საზოგადოების ჯანმრთელობა. ბავშვები დაცულები უნდა იყვნენ მძიმე დაავადებებისგან. ეს, უმეტეს შემთხვევაში, მიიღწევა ბავშვების სრული აცრით. ისინი, ვინც ვაქცინაციით ვერ სარგებლობს, შეიძლება გადამდები დაავადებებისგან არაპირდაპირ იყვნენ დაცულნი იმდენად, რამდენადაც მათ თემში ვაქცინაციის სათანადო დონე არის მიღწეული, ანუ ისინი ისარგებლებენ დაცვით მოსახლეობის იმუნიტეტის მიღწევის ხარჯზე. შესაბამისად, როცა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პოლიტიკა საკმარისი არ არის მოსახლეობის იმუნიტეტის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის, ან როცა ასეთ იმუნიტეტს მნიშვნელობა არ აქვს დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, გონივრულია სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკის შემოღება, რათა მძიმე დაავადებების წიანაღმდეგ დაცვის სათანადო დონე იქნეს მიღწეული.

თანაბარზომიერება

ჩეხეთში ვაქცინაციის ვალდებულება არსებობდა ათ დაავადებასთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აცრა ეფექტური და უსაფრთხოა. 

აცრა სავალდებულო იყო, მაგრამ ვალდებულება აბსოლუტური არ ყოფილა.  შესაძლებელი იყო გამონკლისის დაშვება ქრონიკული საწინააღმდეგო ჩვენების ან კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო. 
ვაქცინაციის ვალდებულება პირს პირდაპირ ვერ დაეკისრებოდა, არამედ აღსრულდებოდა სანქციების მეშვეობით. ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს იყო ერთჯერადი ადმინისტრაციული ჯარიმა. ამასთან, აუცრელ ბავშვებს არ შეეძლოთ სკოლამდელ დაწესებულებაში ჩარიცხვა.

ეროვნულ დონეზე არსებობდა ადმინისტრაციული და სასამართლო დაცვის საშუალებები სავალდებულო აცრის პროგრამის წინააღმდეგ. 
ხელისუფლება მოქმედებდა მოქნილად და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სამედიცინო მეცნიერებისა და ფარმაკოლოგიის განვითარების საფუძველზე. 

ევროპულმა სასამართლომ აღიარა უკიდურესად იშვიათი, მაგრამ მაინც ძალზე სერიოზული რისკის არსებობა, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს ინდივიდის ჯანმრთელობას. მაგრამ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციამდე საჭირო ზომების მიღების მნიშვნელობაზე. ამაში ევროპულმა სასამართლომ მოიაზრა ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგი და თითოეულ კონკრეტულ ინდივიდთან მიმართებით შესაძლო საწინააღმდეგო ჩვენებების შემოწმება. ამის გათვალისწინებით, დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ ეროვნული სისტემა სრულად ადეკვატური იყო. ყურადღება მიექცა იმასაც, რომ არსებობდა გარკვეული თავისუფლება ვაქცინის არჩევანის და აცრის დროის თვალსაზრისით. 

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ შეამოწმა, თუ რამდენად ინტენსიური იყო სადავო ღონისძიების მიერ პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევა. ამ თვალსაზრისით, დიდმა პალატამ განიხილა ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა და ბავშვების განათლების უფლების რეალიზების საკითხი. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ისევ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე, რასაც საყოველთაოდ გამოყენებული სამედიცინო ღონისძიება ემსახურება და ისიც აღნიშნა, რომ სკოლაში ჩარიცხვაზე ვაქცინაციის საკითხი არ მოქმედებდა. შეზღუდვა მხოლოდ სკოლამდელი განათლების მიღებას ეხებოდა. 

საბოლოოდ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების სავალდებულო ვაქცინაცია ემსახურებოდა მათი დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, იყო თანაბარზომიერი და სახელმწიფო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. შესაბამისად, ჩეხეთის რესპუბლიკას სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება არ დაურღვევია. 

აკმაყოფილებს თუ არა ევროპული სასამართლო დროებითი ღონისძიების მოთხოვნას სავალდებულო ვაქცინაციის შემთხვევაში

მოპასუხე სახელმწიფოს წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას, განმცხადებელი ევროპულ სასამართლოსთან შუამდგომლობს, რომ სახელმწიფოს დაეკისროს ვალდებულება, გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროს უფლების დამრღვევი იმ ღონისძიების/აქტის მოქმედება, რომელიც შეუქცევადად არღვევს მის უფლებას. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სავალდებულო ვაქცინაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

2021 წლის 24 აგვისტოს, ევროპულმა სასამართლომ მიიღო საფრანგეთის სახანძრო სამსახურის 672 თანამშრომლის განაცხადი საფრთანგეთის წინააღმდეგ და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. განმცხადებლები ითხოვდნენ კანონის მოქმედების შეჩერებას, რომელიც ითვალისწინებს მათ სავალდებულო ვაქცინაციას, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ არ შეეძლებათ პროფესიული მოვალეობის განხორციელება. განმცხადებლები ევროპულ სასამართლოში ამტკიცებენ შემდეგი უფლებების დარღვევას: სიცოცხლის უფლება და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება. ვროპულმა სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაარეგისტრირა განაცხადი Abgrall and 671 Others v. France. 

2021 წლის 22 სექტემბერს, ევროპულმა სასამართლომ მიიღო 30 სამედიცინო მუშაკის ორი განაცხადი საბერძნეთის წინააღმდეგ და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

განმცხადებლები ასაჩივრებდნენ ჯანდაცვის სექტორის მუშაკებზე დაკისრებულ ვალდებულებას, გაევლოთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც მათი სამსახურებრივი მოვალეობების გაგრძელების წინაპირობა იყო. განმცხადებლები ევროპულ სასამართლოში ამტკიცებენ შემდეგი უფლებების დარღვევას: სიცოცხლის უფლება, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, და დისკრიმინაციის აკრძალვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაარეგისტრირა განაცხადები Kakaletri and Others v. Greece და Theofanopoulou and Others v. Greece.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შეჩერების მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, სასამართლო სამომავლოდ განიხილავს ზემოაღნიშნულ და სხვა განაცხადებს, რომლებიც გარკვეული პროფესიის წარმომადგენელთა სავალდებულო ვაქცინაციას თუ საყოველთაო ნებაყოფლობით ვაქცინაციას ეხება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სასამართლო ამ და სხვა განაცხადებს განსახილველად დაუშვებს და მათზე არსებითად იმსჯელებს.

რაც შეეხება კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა-არდარღვევის საკითხს, ზოგადად ვაქცინაციაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებათა ჭრილში ამ საკითხის შეფასებისას, მხედველობაში იღებს თანამედროვე მედიცინის მიდგომას, რომლის თანახმადაც, აცრა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ხელმისაწვდომი მეთოდებიდან ყველაზე ეფექტური და უსაფრთხოა. ამასთან, ევროპული სასამართლო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს სახელმწიფოებს, მათ წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით თუ სავალდებულო ვაქცინაციაზე და საკითხს ინდივიდის/საზოგადოების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულების პერპექტივიდან განიხილავს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სასამართლოს ყივანახველას, დიფტერიის, პოლიომიელიტის და სხვა გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ დაუდგენია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა, სრულიად თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, სასამართლოს პოზიცია უცვლელი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით სიცოცხლე შეიწირა. სასამართლო კვლავაც ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოების ყველა წევრის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე, განსაკუთრებით, იმ პირებისა, რომლებიც ასაკის თუ სხვა გარემოებების გამო მოწყვლადები არიან და რომელთა დასაცავადაც მოსახლეობას, საზოგადოებრივი სოლიდარობიდან გამომდინარე, ეთხოვება, გასწიოს მინიმალური რისკი აცრის სახით.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!