შეხვედრა „მედია დიალოგის“ პროექტის წარმომადგენლებთან

„უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ლადო მკერვალიშვილი, და პროექტის კოორდინატორი, მარიამ მხატვარი, დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის „მედია დიალოგის“ მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა.
„უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების ხელშეწყობაზე მიმართულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამ მიმართულებებით მომზადებულ კვლევებსა და შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებებზე, „უფლებები საქართველოს“ ინიციატივით შექმნილ ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის საბაკალავრო კურსზე, შეკრებების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოების საკითხებზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე და სხვა.
„მედია დიალოგი“ 2015 წელს შექმნილი ქსელია, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ჟურნალისტთა პროფესიულ გაერთიანებებს საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან. პროექტი მიზნად ისახავს ჟურნალისტებთან, აკადემიის წარმომადგენლებთან, არტისტებთან და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს შესაბამის ქვეყნებში დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლას, ასევე დემოკრატიის სტაბილიზაციას და განმტკიცებას.