ბლოგი: რატომ უნდა ითვალისწინებდეს კანონმდებლობა შეკრებების მიმართ დაწესებული შეზღუდვების გასაჩივრების ეფექტიან მექანიზმს

ავტორი: გური ბალიაშვილი, მკვლევარი, „უფლებები საქართველო“
შეკრების თავისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი შეკრების მიმართ შეზღუდვების დაწესების პრაქტიკა არაერთი იურისდიქციაში შეინიშნება და ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოა.
თუმცა, საქართველოს უახლოეს წარსულში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არსებობს მომეტებული რისკი იმისა, რომ შეკრების დროის, ადგილის ან ფორმის კუთხით დაწესებულმა თვითნებურმა ანდა დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა არაპროპორციულად შეზღუდოს შეკრების მონაწილეების თავისუფლება და მნიშვნელოვნად შეაფერხოს შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეროვნული კანონმდებლობა შეზღუდვების გასაჩივრების თვალსაზრისით, ეფექტიანი სასამართლო კონტროლის მექანიზმს ითვალისწინებდეს.
ითვალისწინებს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდვების გასაჩივრების ეფექტიან და დროულ მექანიზმს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი შეკრებაში მონაწილე პირებს თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოში მიმართვის უფლებამოსილებას ანიჭებს და განსაზღვრავს განსაკუთრებულ რეჟიმს იმ კატეგორიის დავების გადაწყვეტისთვის, სადაც დავის საგანს შეკრების შეწყვეტა ან აკრძალვა წარმოადგენს. კერძოდ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეაფასოს სასამართლომ შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ორი სამუშაო დღე კი არის განსაზღვრული სასამართლოსთვის, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ.
თუმცა შეკრების მიმართ დაწესებული შეზღუდვა თავისი სამართლებრივი ბუნებით არსებითად განსხვავდება შეკრების შეწყვეტის, ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისაგან. შესაბამისად, ამგვარი კატეგორიის დავა ავტომატურად ვერ მოექცევა იმ საქმეთა ჩამონათვალში, რომელთა განხილვისათვის კანონმდებლობა შემჭიდროებულ ვადებს ითვალისწინებს.
განსხვავებით შეკრების შეწყვეტის ან აკრძალვისა, შეკრებების მიმართ შეზღუდვების დაწესებისას, შეკრების მონაწილეებს კვლავაც აქვთ შეკრების ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა არა იმ დროს, ადგილას ან ფორმით რასაც თვითონ ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ, შეკრების მონაწილეების ანდა ორგანიზატორებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მყისიერად მიიღონ პასუხი დაწესებული შეზღუდვების კანონიერებაზე ან პროპორციულობაზე, ვინაიდან არსებობს რისკი იმისა, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა სრულებით დაუკარგოს შეკრებას მნიშვნელობა.
იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვების გასაჩივრების პროცესი სტანდარტული, ზოგადი ვადების მიხედვით წარიმართება, დიდია ალბათობა იმისა, რომ დავის განხილვა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ამგვარი მიდგომა კი, საფუძველს გამოაცლის შეკრების თავისუფლების რეალიზებას.
შეკრებების მიმართ დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვებზე რეაგირების ქმედით მექანიზმს არ ითვალისწინებს ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი შეიცავს დებულებას, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელს აწესებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის, აგრეთვე მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლისთვის, აღნიშნული ნორმა ბუნდოვანია და პრაქტიკაში არ გამოიყენება.
რა სტანდარტებს ადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
გაეროს რეზოლუციის თანახმად მათ, ვინც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენებას ისახავს მიზნად, უნდა ჰქონდეთ წვდომა სწრაფ და ეფექტიან მექანიზმებზე შეკრების არაპროპორციულად, თვითნებურად ან უკანონოდ შეზღუდვის ან აკრძალვის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იქ, სადაც შეკრებებს ხელს უშლიან ან უსაფუძვლოდ იზღუდება შეკრების თავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოების პოტენციურად უკანონო უმოქმედობის ან დაუდევრობის გამო, შეკრების ორგანიზატორებს ან მონაწილეებს უნდა შეეძლოთ პირდაპირი იურიდიული მექანიზმების ამოქმედება. შესაბამისი უფლების დაცვა კი, მოიცავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ადმინისტრაციულ და სასამართლო სააპელაციო მექანიზმებზე წვდომას.
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი გზამკვლევის მიხედვით, სასამართლოებსა და ტრიბუნალებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, განიხილონ ყველა საქმის გარემოება და გააუქმონ ან საჭიროების შემთხვევაში, გამოასწორონ ადმინისტრაციული ან პირველი ინსტანციის განხილვის ეტაპზე დაშვებული შეცდომები.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, რომ უზრუნველყოფილ იქნას, ერთი მხრივ, საჩივრების შეტანის და განხილვის ხელმისაწვდომი და ეფექტიანი მექანიზმები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილ იქნას დაცვის ეფექტიან გზებზე ხელმისაწვდომობა, როგორც შეკრებამდე, ისე მიმდინარეობისას და შემდეგ.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ხაზს უსვამს დროული სასამართლო განხილვის მნიშვნელობას, რათა გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული. საერთაშორისო სტანდარტით, სასამართლოსა და სხვა ტრიბუნალებისათვის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს მარტივი და სწრაფი, მათ შორის, გასაჩივრების პროცედურების ჩათვლით. ხოლო, არასაკმარისი დროის შემთხვევაში, სასამართლოებს ან ტრიბუნალებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, გამოსცენ შუალედური ბრძანებები ან განჩინებები საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. გარდა ამისა, სასამართლოს გადატვირთულობამ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა სასამართლო პროცესის შეფერხებაზე, რათა საბოლოო ჯამში არ შეექმნას საფრთხე უფლების ჯეროვნად სარგებლობას.
რა ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში გამოვლენილი ხარვეზებისა და საერთაშორისო სტანდარტების/რეკომენდაციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის და დავის განხილვის სპეციალური ვადების გათვალისწინება, დაწესებულ შეზღუდვებზე დროული სასამართლო კონტროლის მექანიზმის ამოქმედების მიზნით. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის განხილვა ვერ ესწრება უშუალოდ შეკრებამდე, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, მიზანშეწონილია სასამართლოსთვის შუალედური გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების მინიჭება.
ბლოგი მომზადდა პროექტის - მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს არც ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და არც ევროკავშირის პოზიციებს.