შესვლა

10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე

18 მარტი, 2022

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა

 

საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ  ნებას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრიანების განაცხადი. 2022 წლის 10 მარტს საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შესაძლოა მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშვნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიური განვითარება უნდა გახდეს პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა. ჩვენ ქვემოთ წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში და საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
 

1.    შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;

2.    განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“[1] (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;

3.    გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის[2] დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;

4.    გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის[3] მიღების დასაჩქარებლად;

5.    მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;

6.    ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში[4], გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;

7.    გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრიანების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;

8.    განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;

9.    პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის[5] შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;

10.    უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1.    ღია საზოგადოების ფონდი
2.    საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
3.    ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
4.    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED)
5.    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
6.    აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
7.    უფლებები საქართველო
8.    საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
9.    მედიის განვითარების ფონდი (MDF)
10.    მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG)
11.    მშვიდობის, დამოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
12.    რონდელის ფონდი
13.    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
14.    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
15.    ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
16.    საფარი
17.    წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
18.    თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
19.    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
20.    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
21.    სოციალური სამართლიანობის ცენტრი
22.    ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT)
23.    დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
24.    მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
25.    სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია
26.    საქართველოს ატლანტიკური საბჭო
27.    საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
28.    ღია სივრცე კავკასია (COS)
29.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია (GYLA)
30.    სამოქალაქო იდეა
31.    მწვანე ალტერნატივა
32.    მედიის ინსტიტუტი
 

-------------------------------------------

[1] https://bit.ly/3t9osnD
[2] ასოცირების დღისწესრიგი ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განსახორციელებელი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ამ შეთანხმების ძირითად პრიორიტეტებს. წინა დღსწესრიგის მოქმედების ვადა 2020 წელს დასრულდა და ახალი ამ დრომდე არ დამტკიცებულა.
[3] კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტის, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირის მიერ ხდება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
[4] საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულება https://bit.ly/3KYa4EP
[5] https://bit.ly/3tMpTY1

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!