შესვლა

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათილად ცნოს გადაწყვეტილება დავიდ ფრენკელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ

17 მარტი, 2022

2022 წლის 6 მარტს, დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების „მედიაზონის” ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.“

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” დავიდ ფრენკელის ინტერესების დასაცავად უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2022 წლის 6 მარტის  გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. 

საყურადღებოა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული საფუძველი მიმთითებელი ხასიათისაა და ცალკე აღებული არ უნდა წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს.[1] ამასთანავე, მსგავსი საფუძვლით პირისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისგან. [2]

ფრენკელისთვის არ ყოფილა განმარტებული უარის თქმის კონკრეტული მიზეზი მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეების მსგავსად, უვიზოდ შეეძლო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. 

ჟურნალისტთან კომუნიკაციის და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ცხადი გახდა რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნებოდა გამოყენებული:

1) კოვიდ პანდემიის მართვიდან გამომდინარე სახელმწიფოში დადგენილი და მოქმედი რეგულაციები/შეზღუდვები - ვინაიდან დავიდ ფრენკელი სრულად ვაქცინირებულია. მას სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ყოფნისას თან ჰქონდა  ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

2) “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა -  ჟურნალისტი არასდროს ყოფილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავიდ ფრენკელი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წელს და მას არ შეჰქმნია მსგავსი დაბრკოლება საზღვრის კვეთისას.  

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოში შემოსვლისას სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაბრკოლების პრაქტიკა[3] ქმნის ვარაუდს, რომ დავიდ ფრენკელს დისკრიმინაციულად, სწორედ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ მიეცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათილად ცნოს გადაწყვეტილება დავიდ ფრენკელისთვის უარის თქმის შესახებ და დააკმაყოფილოს ჟურნალისტის თხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თაობაზე.  

--------------------------------------

[1] სახალხო დამცველი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლას ითხოვს [ხელმისაწდვომია: https://bit.ly/35UpfA1, წვდომის თარიღი: 16 მარტი, 2022] 

[2] „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 11.

[3] კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში შემოუშვას პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები, [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3KOqxLo, წვდომის თარიღი: 16 მარტი, 2022]

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!