შესვლა

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის დაწყების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს

15 March, 2022

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ  არსებითად განსახილველად არ უნდა მიიღოს

„უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი შეფასება


15 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა დააანონსა. მმართველი პარტიის განცხადებით, სასამართლოსთვის მიმართვის მიზანს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება წარმოადგენს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა იგეგმება სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებების გამიჯვნის კომპეტენციის ფარგლებში. 

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ კომპეტენციების შესახებ დავის დაწყების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს და „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ უნდა მიიღოს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში სარჩელით მიმართვის წინაპირობას წარმოადგენს იმგვარი ნორმატიული აქტის გასაჩივრება, რომელიც შესაძლოა იწვევს ორგანოთა შორის კონსტიტუციით განსაზღვრული კომპეტენციების დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელ წლებში ამ საკითხზე არ უმსჯელია,  1999 წელს მიღებულ განჩინებაში სწორედ ნორმატიული აქტის გასაჩივრებას დაუკავშირა ორგანოთა შორის უფლებამოსილების თაობაზე დავა.[1] ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ნორმატიული აქტი საყოველთაო ბუნების მატარებელია, რომელიც პირთა განუსაზღვრელ წრესა და განუსაზღვრელი რაოდენობის შემთხვევებს მიემართება.[2]

ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის, თუ უშუალოდ რომელ ქმედებებთან დაკავშირებით აპირებს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ეყრდნობა ერთი მხრივ, პრეზიდენტის მიერ მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარის თქმას, ხოლო, მეორე მხრივ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე სხვადასხვა სახელმწიფოში ვიზიტების განხორციელებას. 

აღსანიშნავია, რომ არც ერთ დასახელებულ ქმედებას საფუძვლად არ უდევს ნორმატიული აქტის მიღება. კერძოდ, ნორმატიული აქტის ბუნების მქონედ ვერ ჩაითვლება ვერც სხვადასხვა სახელმწიფოში ვიზიტების განხორციელება და ვერც ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიიღება, რომელიც განკარგულების სახით ფორმდება[3] და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. 

ამდენად, არსებობს გონივრული და შესაბამის კანონმდებლობასა თუ კონსტიტუციურ პრაქტიკაზე დაფუძნებული მოლოდინი, რომ დაანონსებულმა კონსტიტუციურმა სარჩელმა მისი საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემთხვევაში, არ უნდა გადალახოს სამართალწარმოების პირველი - განმწესრიგებელი სხდომის (დასაშვებობის) ეტაპი და არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის დაანონსება სალომე ზურაბიშვილის მიერ უკანასკნელ პერიოდში მმართველი ხელისუფლების მიმართ გამოხატულ კრიტიკას უკავშირდება და მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, მისი როლისა და მნიშვნელობის დაკნინების, ისევე როგორც მოქმედი პრეზიდენტის სამართლებრივი გზებით დაშინებისკენ.

---------------

[1]  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 9 ნოემბრის №1/7/87 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის წინაამღდეგ".
[2]  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5
[3] „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 7(4) მუხლი

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!