„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არ წამოვიდნენ საქართველოში ნებართვის მიღებამდე
17 სექტემბერი, 2020პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ხორციელდება წინასწარი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.
კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან, ონლაინ შეავსონ საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის დადგენილი სააპლიკაციო ფორმა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარადგინონ ნებართვა ქვეყანაში შემოსვლაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მათი უკან გაბრუნება. აღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ბელგიის მოქალაქე, რომელიც დასტურის მიღებამდე გამოემგზავრა საქართველოში და 2020 წლის 12 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
„უფლებები საქართველოს“ იურისტის და შესაბამისი უწყებების აქტიურობის შედეგად, ბელგიის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში ყოფნის დროს მიიღო განაცხადზე პასუხი, რითაც თავიდან იქნა აცილებული მისი უკან გაბრუნება, თუმცა აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს.
,,უფლებები საქართველო“ მოუწოდებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დაიცვან საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის დადგენილი წესები, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და დაელოდონ გადაწყვეტილების მიღებას საქართველოში გამომგზავრებამდე.