შესვლა

მწუხარებას გამოვთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო

11 ივლისი, 2021

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს. 

ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად. მაღალია ალბათობა, რომ იგი სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 ივლისის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ 4 პირი. 

2021 წლის 5 და 6  ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

გავრცელებული  კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ  ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება. 

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი 

მედიის უფლებები  

სატელევიზიო ქსელი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!