„უფლებები საქართველო“ გმობს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტებს
22 March, 2021
„უფლებები საქართველო“ ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკოსების, მათ შორის, ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების არსებობაზე.
„უფლებები საქართველო“ უერთდება "ქალთა მოძრაობის" განცხადებას და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას დროული, ეფექტიანი და ქმედითი ნაბიჯები გაჟღერებული ფაქტების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად, მათ შორის, იმის დასადგენად, თუ ვის მიერ გაიცემოდა ბრძანება პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემების უკანონოდ მოპოვების, დამუშავების და შენახვის შესახებ.
უახლოეს წარსულში, ქართული საზოგადოება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ გასაჯაროების არაერთი შემთხვევის მომსწრე გახდა. საგანგაშოა, რომ ამგავრი ქმედებების სამიზნეს, ხშირ შემთხვევაში, ქალი პოლიტიკოსების საქმიანობა წარმოადგენდა.
ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზიანობა და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურისა და მასში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მიმართ ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა არაერხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი.
შესაბამისად, კონკრეტული ფაქტების ქმედითი გამოძიების პარალელურად, მნიშვნელოვანია, განახლდეს მსჯელობა შესაბამის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს სიღრმისეული რეფორმის თაობაზე.