შესვლა

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას

28 აპრილი, 2021

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ქმნის გამოხატვის თავისუფლების არამართლზომიერი და არაპროპორციული შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ამკაცრებს კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე [1]  (კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით  გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციულ სახდელს.

აღნიშნული კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციის თანახმად, სანქციის გამკაცრება ზემოხსენებულ მუხლებთან მიმართებით გამოწვეულია ამ სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობის ზრდით, თუმცა არაფერია ნათქვამი იმ შესაძლო მიზეზებზე, რომელიც დაკავშირებულია არა სამართალდარღვევების ზრდასთან, არამედ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ზემოხსენებული მუხლების, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ და თვითნებურ გამოყენებასთან. 

იმ პირობებში, როდესაც წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე აპელირება სამართალდამცველთა მხრიდან შეკრება-მანიფესტაციების მიმდინარეობისას მანიფესტანტების თვითნებური და დაუსაბუთებელი დაკავებების საფუძველია, აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის სახდელის გამკაცრებაზე მსჯელობა ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ მმართველი გუნდის მიზანს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის გარანტიების კიდევ უფრო მეტად შესუსტება წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული და დღესაც მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკის საგანია, რადგან კოდექსი არ  პასუხობს თანამედროვე სამართლებრივ სივრცესა და დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ პრინციპებსა და სტანდარტებს. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცვლად  ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებისა, ან, მინიმუმ, არსებული დებულებების საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების კვალდაკვალ გაუმჯობესებისა, დღეს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით მსჯელობს იმ მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე, რომელთა გამოყენება უკიდურესად პრობლემურია როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს მიერ. 

ამასთან საგანგაშოა ინიცირებულ ცვლილებების განხილვის ფორმატიც. კერძოდ, ცვლილებების დაჩქარებული წესით ე.წ. კომენდანტის საათის დროს განხილვა მაშინ, როდესაც საზოგადოებას დროულად არ მიეწოდება ინფორმაცია ჩანიშნული მოსმენის შესახებ,  შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობას ცვლილებების განხილვის პროცესში. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები და განაახლოს მუშაობა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და სამართლებრივ სტანდარტებს.

--------------

[1]   სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

 


 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!