შესვლა

შეწყდეს „რიონის ხეობის მცველთა“ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ჟურნალისტების საქმიანობაში უხეში ჩარევა

11 აპრილი, 2021

„უფლებები საქართველოს“ მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ დღეს, ნამახვანში, “რიონის ხეობის მცველების” კარვების დაშლა წარმოადგენს მშვიდობიანი მანიფესტანტების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ამასთან, „უფლებები საქართველო“ საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლებს არამართლზომიერად ეზღუდებათ ნამახვანში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისა და გადაადგილების თავისუფლება. 

„უფლებები საქართველოს“ მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მითითებული გარემოებები - მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდება და მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არის დაუსაბუთებელი და რჩება განცდა, რომ კარვების დაშლით, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების რეალურ მიზანს რიონის ხეობის მცველების პროტესტის შესუსტება წარმოადგენს. 

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია და ასევე თავად აქტივისტები ავრცელებდნენ დღეს თხოვნას მედიის მიმართ, გაეშუქებინათ იქ მიმდინარე მოვლენები, ბუნდოვანია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით უზღუდავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს დაუსაბუთებელ გარემოებებზე მითითებით მანიფესტანტთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ჟურნალისტების საქმიანობასა და გადაადგილების თავისუფლებაში უხეში ჩარევა. 

თავის მხრივ, „უფლებები საქართველო“ აგრძელებს ნამახვანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და გამოთქვამს მზადყოფას, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს, როგორც რიონის ხეობის მცველებს, ასევე ჟურნალისტებს.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!