შესვლა

UPR-ის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცეს

11 თებერვალი, 2021

„უფლებები საქართველო“  სახელმწიფოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, 2021 წლის 29 იანვარს, საქართველოს მიმართ გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს 285 რეკომენდაცია, მათგან 266-ის მიღებაზე კი, საქართველოს ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

საყურადღებოა, რომ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების დაცვას შეეხება. „უფლებები საქართველო“ ჯერ კიდევ რეკომენდაციების შემუშავების ეტაპზე, აქტიურად უწევდა ადვოკატირებას  გამოხატვის თავისუფლების, მედია პლურალიზმის, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გაცემას.(1)  ამ ეტაპზე, როდესაც რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას ქმედითი და დროული ნაბიჯები, როგორც რეკომენდაციების მიღების, ასევე მათი სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა წარმოადგენს უნიკალურ პროცესს, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმოხილვას გაეროს წევრ სახელმწიფოებში. აღნიშნული მექანიზმის მთავარი მიზანია მიუთითოს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე და უზრუნველყოს უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება.(2) საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების ნაწილის შინაარსი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით არსებული გამოწვევები  თვალსაჩინოა ასევე გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვისაც. კერძოდ,  საქართველოში გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები მოიცავს:


•    ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო თავისუფალი და დაცული გარემოს უზრუნველყოფას;
•    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის საჭირო რესურსების გამოყოფას;
•    გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის გარანტირებას;
•    ლგბტქ თემისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფასა და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების სრულყოფილად გამოძიებას;
•    სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების შესამცირებლად აუცილებელი ქმედებების განხორციელებასა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადო გამოძიების უზრუნველყოფას.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით გაცემული რეკომენდაციები, ამ მხრივ საქართველოს უახლოეს წარსულში გამოვლენილი გამოწვევებით არის განპირობებული. კერძოდ, შეკრება-მანიფესტაციების დროს მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება,(3)  მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლისა და მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობა,(4)  ლგბტქ თემის წარმომადგენლებისთვის/მათი მხარდამჭერებისთვის შეკრება-მანიფესტაციების დროს იმგვარი შეზღუდვების დაწესება, რაც აფერხებს თავად აღნიშნული თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას(5)  არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო სექტორის კრიტიკის საგანი. 

ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფოს  გადადგას ქმედითი და დროული ნაბიჯები, როგორც რეკომენდაციების მიღების, ასევე მათი სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად. 

თავის მხრივ „უფლებები საქართველო“ მზად არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში ჩაერთოს თანმდევ პროცესებში, მათ შორის, ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

 

------

(1)  2-3 დეკემბერს „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა, გაეროს პერიოდული მიმოხილვის ადვოკატირების შეხვედრების ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Nf1k4A, წვდომის თარიღი: 09.02.2021] 

(2) United Nations Human Rights Council, Basic facts about the UPR. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36RXSnl, წვდომის თარიღი: 09.02.2021] 

(3)  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადება 8 ნოემბრის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, 2020; [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3oXzyqk, წვდომის თარიღი: 09.02.2021]  
ადამიანის უფლებათა ცენტრი, 20-21 ივნისის მოვლენები, სამართლებრივი ანალიზი, 2019;[ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YZuqY9, წვდომის თარიღი: 09.02.2021]
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 20 ივნისის მოვლენები: აქციის დაშლა და ადამიანის უფლებების დარღვევის ძირითადი პრაქტიკა. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cX92uW,  წვდომის თარიღი: 09.02.2020]

(4) „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურას, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყოს გამოძიება. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3aS9Luu, წვდომის თარიღი: 09.02.2021]  

(5)  რადიოთავისუფლება, 2018 წელი: ადამიანის უფლებები-ფაქტები და აქცენტები; [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Z11L59, წვდომის თარიღი:09.02.2021]

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!