შესვლა

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურას, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყოს გამოძიება

9 ნოემბერი, 2020

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 ნოემბერს, შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობისას, ადგილზე მობილიზებული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას არაერთი პირი დაშავდა. (1) ასევე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანების ფაქტები, (2) რამაც შეაფერხა მედიის მიერ საზოგადოებისათვის შეკრების მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.  

„უფლებები საქართველომ“ 8 ნოემბრის აქციაზე დაზარალებულ ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან აწარმოა ინდივიდუალური გამოკითხვა,  რომლის შედეგადაც ჩნდება განცდა, რომ სამართალდამცველების მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება, რიგ შემთხვევაში, მიზანმიმართული იყო კონკრეტულად მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამასთან, საგულისხმოა,  რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას, მედიის წარმომადგენლების ეკიპირებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, სამართალდამცველებისთვის,  უმეტეს შემთხვევაში, აღქმადი უნდა ყოფილიყო ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების პროცესი. 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ აღნიშნულ მოვლენებს. (3) სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. (4)  

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას: 


• დროულად დაიწყოს გამოძიება, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის შეკრებაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე; 
• უზრუნველყოს დაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება ინციდენტში მონაწილე პირებისთვის; 
• გამოძიება წარმართოს სწრაფად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და ეფექტიანად. 

„უფლებები საქართველო“ კიდევე ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას გაუწიოს სამართლებრივი დახმარება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველა იმ პირს, ვის მიმართაც უკანონონოდ მოხდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. 

----------------------

(1) Media checker “ცესკოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა ტექნიკა“. [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36mQ9MO, წვდომის თარიღი: 09.11.2020]  
(2) იქვე.
(3) საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, მუხლი 2, მე-4 ნაწილი.
(4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 154.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!