შესვლა

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში ხელყოფა კვლავ გრძელდება

21 ივლისი, 2020

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავების და ბრალდების საქმეებს და აღნიშნულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან დარღვევად აფასებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 33 წლის ზაზა გახელაძე სამთავისელ მეგობართან, კობა ფარესაშვილთან ერთად სოფელთან ახლოს მდებარე სხვილოს ციხისკენ გაემართა სოკოს მოსაკრეფად. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზაზა ე. წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან მოშორებით იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის მესაზღვრეთა ჯგუფმა მას ცეცხლი გაუხსნეს და ფეხში დაჭრეს. ზაზას დაჭრის მომენტში მისი სამთავისელი მეგობარი მისგან მოშორებით იმყოფებოდა. ფარესაშვილის განმარტებით, მან მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგო. მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ზაზა გახელაძე კი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მოათავსეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, გახელაძემ, რომელიც შეიარაღებული იყო ნახევრად ავტომატური იარაღიდან გადაკვეთა ე.წ. საზღვარი და რუს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნულზე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებმა საპასუხო გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხში დაიჭრა. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგამოძიებო ორგანოებში გახელაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ე.წ. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მუხლებით. 

ზაზა გახელაძის გარდა, ივლისის თვეშივე, კერძოდ, 3 ივლისს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ აძვის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილიც დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მღებრიშვილის მისამართით ცეცხლი გახსნეს. ცხინვალის დე-ფაქტო საგამოძიებო ორგანოების განცხადებით, მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული, რათა შემდგომში ღამურები ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის გადაეცა. ხვიჩა მღებრიშვილის მიმართ ასევე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას და უკანონო ნადირობას ედავებიან. ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის დე-ფაქტომ სასამართლომ ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების სიმძიმის მიუხედავად, გახელაძეს და მღებრიშვილს არ ჰყავთ ადვოკატები, რომლებიც დე-ფაქტო ორგანოების წინაშე მათი ინტერესების სათანადო დაცვას და სამართლებრივ დახმარებას შეძლებდნენ.

რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო და თვითნებური დაკავების ფაქტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართულებით უკვე არაერთი წელია გრძელდება. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან უკანონო დაკავების/გატაცების მსხვერპლი 2818 ადამიანი გახდა. 

რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება ძირითადად ადმინისტრაციული წესით ხდება, რა დროსაც შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ დაკავებული პირები თავისუფლდებიან. თუმცა, ბოლო წლებში გახშირდა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევებიც. ასეთ დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბრალის წაყენება და მსჯავრდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე საქმის სამართლიანი განხილვისა და პროცედურულ გარანტიებზე სათანადო ხელმისაწვდომობის გარეშე ხორციელდება. შედეგად დაკავებულები წლების განმავლობაში რჩებიან ტყვეობაში. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სისხლისსამართლებრივი წესით, ე.წ. საზღვრის უკანონო დაკავების ბრალდებით დააკავეს 2019 წლის 29 სექტემბერს, სოფელ ხურვალეთის მკვიდრი მაია ოთინაშვილი, 2019 წლის 9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, 2019 წლის 21 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, გენადი ბესტაევი. სამწუხაროდ, გენადი ბესტაევი, რომელსაც ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, დღემდე სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდის. 

ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკის პარალელურად ვხვდებით ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შემთხვევებსაც, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა ან/და სხეულის დაზიანებების შემთხვევები. კერძოდ, 2011 წელს ე.წ. ოსმა მესაზღვრეებმა სროლის შედეგად საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანის 2 მაცხოვრებელს სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქის (დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და ირაკლი კვარაცხელია) სიცოცხლე იმსხვერპლა.  

ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების და ბრალდების საქმეები სხვა ინციდენტებთან ერთად ნათლად მიუთითებს რუსეთის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებათა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემური ხელყოფის ფაქტებზე.  არსებულ მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სწორედ  რუსეთის ფედერაციას ეკისრება როგორც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ოკუპირებული ტერიტორიები, ისევე, როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები უკონტროლო და თვითნებურია, რაც შესაბამისი აქტორების მხრიდან დროულ და სათანადო რეაგირებას საჭიროებს. 

საქართველოს კოალიცია კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას დაკავებული გახელაძის და მღებრიშვილის ოჯახის წევრებს და ასევე, მოუწოდებს:

საქართველოს ხელისუფლებას:
•    გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის დროულად გასათავისუფლებად; ასევე, სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობით და მოლაპარაკების გზით უზრუნველყოს დაკავებული გახელაძის და მღებრიშვილისთვის ადვოკატის ყოლის უფლების რეალიზება;
•    დროულად განაახლონ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტების განსახილველად; 
•    აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
•    გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;
•    გაააქტიუროს პატრულირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე იმ სოფლებში, სადაც ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები;
•    უზრუნველყოს ადამიანთა უსაფრთხოება შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობით მაღალი რისკის ადგილებში.
რუსეთის ფედერაციას:
•    შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
•    შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა;

საერთაშორისო ორგანიზაციებს: 
•    გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად;
•    გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის დროულად გასათავისუფლებად; 
•    გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად;
•    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრების დროულ განახლებას.
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები: 
1.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
2.    ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
3.    საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)
4.    უფლებები საქართველო
5.    ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
6.    წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!