საქართველოს სახალხო დამცველის 2024 და 2025 წლების საპარლამენტო ანგარიშების შედარებითი შეფასება
18 May, 2026
„უფლებები საქართველო“-მ საქართველოს სახალხო დამცველის 2024 და 2025 წლების საპარლამენტო ანგარიშების შედარებითი შეფასება მოამზადა. დოკუმენტის მიზანია როგორც ანგარიშებში ასახული არსებითი მიგნებების, ისე სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური საქმიანობის ანალიზი იმ პერიოდში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ჩამოტვირთე დოკუმენტი
საპარლამენტო ანგარიშები ასახავს სერიოზულ და სისტემურ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციის ძალადობას, არაეფექტიან გამოძიებებს, სამოქალაქო სივრცის შევიწროებას, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვას, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ზეწოლას, ასევე ინსტიტუციური გარანტიებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დასუსტებას. ამავდროულად, შედარებითი შეფასება ავლენს მნიშვნელოვან შეუსაბამობას სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიტიკურ და სამართლებრივ ხარისხსა და თავად სახალხო დამცველის საჯარო პოზიციონირებასა და ინსტიტუციურ პრაქტიკას შორის 2024–2025 წლებში.
თუ 2024 წლის ანგარიში ძირითადად ფოკუსირებული იყო საპროტესტო მოვლენებთან დაკავშირებული ძალადობის, თვითნებური შეზღუდვებისა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების დოკუმენტირებაზე, 2025 წლის ანგარიში უკვე ასახავს შემზღუდავი პრაქტიკების ინსტიტუციური და საკანონმდებლო კონსოლიდაციის შემდგომ ეტაპს. კერძოდ, 2025 წლის ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა საგამონაკლისო ზომები და პრობლემური აღსრულების პრაქტიკა თანდათან ფორმალიზებულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ მექანიზმებად, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებას.
ერთობლიობაში, აღნიშნული ანგარიშები მიუთითებს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების უწყვეტ ხასიათზე, არამედ მმართველობის შემზღუდავი პრაქტიკების თანდათან ნორმალიზებასა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების მექანიზმების არარსებობაზე ადამიანის უფლებათა კრიზისის დროს.