როცა მშვიდობიანი პროტესტისთვის გსჯიან

2024 წელს საქართველოში მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია სამმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში, "რუსული კანონი") ინიცირებამ და მიღებამ, საპარლამენტო არჩევნების ტოტალურმა გაყალბებამ და „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ. ამ პროცესებმა გამოიწვია მასშტაბური და ხანგრძლივი საპროტესტო ტალღა, რომელიც წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმებით გამოიხატა, მათ შორის ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებით. ხელისუფლებამ ამ საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტთა წინააღმდეგ მიმართა რეპრესიის სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც უმეტესწილად დაუსაბუთებელი, თვითნებური და ძალადობრივი ხასიათის იყო. განსაკუთრებით საყურადღებოა აქციების მონაწილეთა მასობრივი დაკავების ფაქტები, რომელსაც ჰქონდა სისტემური და ორგანიზებული ხასიათი და გამოიხატებოდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში. სასამართლო პროცესებზე შეინიშნებოდა მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება და მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას.
გაეცანით ანგარიშს: https://tinyurl.com/2cqx4lbz
მაღლი საზოგადოებრივი ინტერესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემონსტრანტების საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის სიღრმისეული და დეტალური შეფასება. „არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის“ (რომლის წევრიცაა „უფლებები საქართველო“) ადვოკატებმა და სახდელდადებულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრებები მოსამართლეების მიერ შაბლონური გადაწყვეტილებების მიღების, შეუსაბამოდ მკაცრი სახდელების დაკისრებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის შესახებ. აღნიშნული პრობლემების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ" გადაწყვიტა, შეესწავლა ზემოთხსენებული მოვლენების ფონზე მიმდინარე მანიფესტაციებში მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები.
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა „უფლებები საქართველოს" წარმოებაში არსებულ 30 საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებები. აქედან 22 დემონსტრანტის საქმე ეხებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) ან/და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებს, ხოლო 8 დემონსტრანტის საქმე - 1741 მუხლს (შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევა, გზის გადაკეტვის შემთხვევები). კვლევამ მოიცვა როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომა-ზამთრის დემონსტრაციების დროს სახდელდადებული პირების საქმეები და გამოიკვეთა თითოეულ პერიოდთან დაკავშირებული ტენდენციები.
კვლევაში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეების დადგენილებები შეფასებულია კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე გაანალიზებულია სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი. კვლევა ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე 10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებით, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
სასამართლო გადაწყვეტილებებში მითითებული ციფრული მტკიცებულებების (ფოტო და ვიდეო მასალის) ხარისხისა და უტყუარობის შესაფასებლად, „უფლებები საქართველოს“ სამი ადვოკატისგან მოპოვებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ასევე მოიცავს იმ სხვა პოზიციებსა და ფაქტებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა, მაგრამ დადგენილებებში არ აისახა. სტატისტიკური მონაცემებისა და ცალკეული საქმეების დეტალების წარმოსაჩენად, კვლევაში გამოყენებულია მედიასა და სამართლებრივი დახმარების ქსელის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაცია.
წინამდებარე კვლევის მიზანია, გამოავლინოს სისტემური პრობლემები მშვიდობიანი დემონსტრანტების საქმეების განხილვისას, შეაფასოს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი და მათი შესაბამისობა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან. კვლევის შედეგები წარმოაჩენს იმ ხარვეზებსა და გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სასამართლო სისტემაში პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვისას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.