შესვლა

აფგან მუხთარლიმ პრესკონფერენცია გამართა

8 აპრილი, 2021

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც 2021 წლის 7 აპრილს თბილისში გერმანიიდან ჩამოვიდა, დღეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა საქართველოში ვიზიტის მიზნების შესახებ. 

მუხთარლიმ, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მის გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, განაცხადა, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. 

მუხთარლის თქმით, თავის ჩვენებაში ის ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რა უძღოდა მის გატაცებას და რა მოვლენები განვითარდა გატაცების შემდგომ. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აპირებს დაასახელოს ის პირები, ვინც, მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მის გატაცებაში როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხრიდან.

მუხთარლიმ თქვა, რომ  სურს, პროკურატურას აჩვენოს მისი გატაცების მარშრუტი თბილისიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხი-ბელაქანის მონაკვეთამდე, სადაც აზერბაიჯანული მხარისთვის მისი გადაცემა მოხდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მოლოდინი საქართველოს პროკურატურატურასთან თანამშრომლობის თაობაზე არ აქვს.

პრესკონფერენციაზე აფგან მუხთარლის ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმაც ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დღეს 12:00 საათზე საქართველოს პროკურატურაში აფგან მუხთარლის გამოკითხვა იგეგმება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს, რომლებიც აფგან მუხთარლის მხარს უჭერენ.  

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული. მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.

აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი, იცავს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!