ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა პანდემიის დროს (შეფასების ანგარიში)
12 აგვისტო, 20206 აგვისტოს, „უფლებები საქართველოს“ ექსპერტებმა ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, სასამართლოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინეს ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ჭრილში გაანალიზებულია ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა კოვიდ-19 პანდემიის დროს.
ანგარიშში შევიდა „უფლებები საქართველოს“ მიერ 2020 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში დისტანციურ სასამართლო პროცესებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, ის ხარვეზები, რომელიც გამოვლინდა სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობის, სასამართლო სხდომების საჯაროობის, პროცესში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის, მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის კუთხით. ანგარიშში ასევე ასახულია რეკომენდაციები ელექტრონული მართლმსაჯულების სრულყოფის შესახებ.
საქართველოს სასამართლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან გადავიდნენ და შემდგომი ოთხი თვის განმავლობაში 16900-ზე მეტი ონლაინ სხდომა გამართეს. ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, „უფლებები საქართველომ“ ჩაატარა ადვოკატების, პროკურორების, მოსამართლეების, სასამართლო პროცესების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტების გამოკითხვა, ასევე აწარმოა ონლაინ სხდომების მონიტორინგი.
დისტანციურ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება წარიმართა პროექტის „ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის შეფასება და ხელმისაწვდომობა" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „უფლებები საქართველო“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.