პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე აღადგენენ და 70 ათას ლარს გადაუხდიან

„უფლებები საქართველოს“ წარმატებული საქმე
„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ზაზა ადანაიამ, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, სასამართლო მოიგო. მის უფლებებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი როლანდ ასაკაშვილი იცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პენიტენციურ სამსახურს, ზაზა ადანაიას თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის კომპენსაციის - დაახლოებით 70 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ზაზა ადანაია 2014 წლიდან მუშაობდა ნომერ მეხუთე პენიტენციური (ქალთა) დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
2019 წელს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის ბრძანებით, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, იგი დაითხოვეს სამსახურიდან. მძიმე დისციპლინურ გადაცდომად კი მიჩნეულ იქნა ის ფაქტი, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს ადანაიას ტელეფონი დაუჯდა და მან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ზარზე პასუხი ვერ შეძლო.
ამ ფაქტის გამო, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც ზაზა ადანაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობას, ასევე მისი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობას.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა პენიტებციური სამსახურის დირექტორის ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში გაასაჩივრა და სამი მოთხოვნა დააყენა - ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და კომპენსაცია.
2021 წლის 20 მაისს სასამართლომ, ადვოკატის მიერ დაყენებული სამივე მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.