„უფლებები საქართველო“ სახალხო დამცველთან პარტნიორობით მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს

2021 წელი „უფლებები საქართველოსთვის“ წარმატებულად დაიწყო. დღეიდან უფლებები საქართველო სახალხო დამცველთან, მართლმსაჯულების განვითარებისა და რეფორმების ცენტრთან და მის დირექტორთან, ექსპერტ გოგა ხატიაშვილთან და საერთაშორისო სამართლის ექსპერტ სოფო ჯაფარიძესთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის სახელწოდებაა - „ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა, სასამართლოში მათი დაკითხვის პროცესის მონიტორინგის და შემდგომი ადვოკატირების გზით“.
პროექტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს სამოქალაქო სექტორისათვის თითქმის ხელმიუწვდომელი, დახურული სასამართლო პროცესების მონიტორინგი და გამოვლინდეს სისხლის სამართლის პროცესში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვის დროს არსებული მეორადი ვიქტიმიზაციის ხელშემწყობი მანკიერი პრაქტიკა. პროექტის სამიზნე აუდიტორია განისაზღვრება დაზარალებულის დაკითხვის პროცესში ჩართული ყველა სუბიექტით, კერძოდ, მოსამართლეებით, პროკურორებით, ადვოკატებით და მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორებით.
პროექტის ფარგლებში „უფლებები საქართველო“ და პროექტის განხორციელებაში ჩართული ექსპერტები:
• შეისწავლიან სასამართლოში არსებული გარემო და ინფრასტრუქტურა რამდენად შეესაბამება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და მათი მეორადი ვიქტიმიზაციისაგან დაცვის ინტერესს;
• განახორციელებენ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვის მონიტორინგს და შეისწავლიან არსებული ატმოსფერო და მიდგომა უზრუნველყოფს თუ არა დაზარალებულთა რევიქტიმიზაციის თავიდან აცილებას და აბრკოლებს თუ არა მართლმსაჯულების პროცესზე დაზარალებულთა ეფექტიან ხელმისაწვდომობას;
• შეისწავლიან და შეაფასებენ სასამართლოში დაკითხვის მიმდინარეობის დროს მოწმე-დაზარალებულის კოორდინატორის როლის ეფექტიანობას;
• მოამზადებენ დასკვნებს და რეკომენდაციებს მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ადავოკატირებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში (PROLoG), რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.