ევროსასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა
5 სექტემბერი, 20242024 წლის 5 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ“.
საქმე ეხება, 2017 წელს დაუდგენელი პირების მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და აზერბაიჯანისთვის გადაცემას, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ევროსასამართლოში განაცხადი „უფლებები საქართველომ“ (მაშინდელი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) და მისმა დვოკატებმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და ნიკოლოზ ლეგაშვილმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან თანამშრომლობით 2017 წელს გააგზავნეს.
განმცხადებელი საქართველოსთან მიმართებაში ჩიოდა გატაცებას, ძალადობასა და იძულებით გადაყვანას აზერბაიჯანში, ასევე შესაბამისი ორგანოების მიერ ეფექტიანი გამოძიების განუხორციელებლობას.
აზერბაიჯანთან მიმართებაში, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და მის მიმართ დარღვეული იყო კონვენციით დაცული და გარანტირებული უფლებები.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი - წამების აკრძალვა და მეხუთე მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პროცედურულ ნაწილში ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის, განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობასა და აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის გამო;
სასამართლომ აზერბაიჯანის მხრიდან ევროკონვენციის მე-5 მუხლის მესამე პარაგრაფისა (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მერვე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა.
საქართველოს მთავრობამ აფგან მუხთარლის უნდა გადაუხადოს ჯამში 12 500 ევრო, აზერბაიჯანის მთავრობამ - 8.500 ევრო.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა:
-
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება 2017 წელს დაიწყო, შვიდ წლის შემდეგაც, გამოძიებამ ვერ შეისწავლა დანაშაულის მნიშვნელოვანი ასპექტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, ან ფიზიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, გამოძიების მნიშვნელოვან პერიოდებში იყო უმოქმედობა და მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების, არასათანადო გამოკვლევა.
-
ევროსასმართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, ჩაეტარებინათ ეფექტიანი და საფუძვლიანი გამოძიება, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა.
-
საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია განმცხადებლის თბილისიდან გაუჩინარებისა და აზერბაიჯანში აღმოჩენის ზუსტი გარემოებების დადგენა. შედეგად, სასამართლომ „გონივრულ ეჭვის მიღმა“ სტანდარტით ვერ დაასკვნა, რომ განმცხადებელი გაიტაცეს, არასათანადოდ მოეპყრნენ ან იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში. სწორედ ამიტომ ვერ დაადგინა სასამართლომ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების მატერიალური დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას თან ახლავს ორი მოსამართლის თანმხვედრი აზრი, სადაც მითითებულია, რომ: “ევროსასამართლოს დიდმა პალატამ საკმარისად არ გაითვალისწინა საქართველოში გამოძიების დამოუკიდებლობის არარსებობის ასპექტი, რაც გამოწვეული იყო საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირის მხრიდან მყისიერი რეაგირებით. პალატას ასევე მხედველობიდან გამორჩა მომჩივნის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების არასანდოობისა და დამაჯერებლობის ასპექტის გათვალისწინება, რომელიც ეხება მუხთარლის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებებს.
ევროსასამართლოს მოსამართლეების განცხადებით: „გამოძიება არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, როცა „უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, გამოძიების დასაწყისშივე, პოლიციელებს აძლევენ მკაფიო დავალებას, დაამტკიცონ, თითქოს არცერთი პოლიციელი არ მონაწილეობდა დანაშაულში, მით უმეტეს, რომ არსებობს გარკვეული მინიშნებები და ეჭვები, რომ ამ საქმეში შესაძლოა პოლიციელი ან სახელმწიფო აგენტი (ქართველი ან აზერბაიჯანელი) იყოს ჩართული. სწორედ პოლიტიკოსების ამ განცხადებები, გამოძიების ზოგიერთ სხვა ასპექტთან ერთად, საეჭვოს ხდის, რატომ არ არსებობს დღემდე გამოძიების დასკვნა. ასევე, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ განმცხადებლის წინააღმდეგ არსებული ეჭვები, რამაც გამოიწვია მისი დაკავება, შეიძლება არც ისე სარწმუნო აღმოჩნდეს ამ თვალსაზრისით.“
დამატებითი ფაქტები:
2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა. იმავე წელს მუხთარლის ოჯახმა გერმანიაში მიიღო თავშესაფარი.
2021 წლის აპრილში, მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა, სადაც მან ჩვენება მისცა საქართველოს პროკურატურას და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. იმავე პერიოდში, მუხთარლის მიენიჭა დაზარალებული სტატუსი და დაზუსტდა მისი საქმის კვალიფიკაცია.
2022 წლის 26 ივლისს პატიმრობაში მყოფმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით „სუს-ის ზონდერებმა“ გაიტაცეს, ხოლო სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაანადგურა.
გოგაშვილის განცხადების შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ინტერესებს იცავს, გენერალურ პროკურორს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა გარემოებების გამოძიება და მოწმეების გამოკითხვა, რომელთა შესახებაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ საჯარო განცხადებები გააკეთა.
მუხთარლის გატაცების საქმეზე ამ დრომდე არც ერთი პირის ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის. უფრო მეტიც, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი საქმის გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიენიჭა.
აფგან მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე იცავს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.