შესვლა

ბლოგი: დაზარალებულად ცნობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის

15 მაისი, 2024

ავტორი: ხატია რეხვიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, „უფლებები საქართველო“ 

ვინ არის დაზარალებული ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში? რა მნიშვნელობა აქვს პირის დაზარალებულად ცნობას გამოძიების ეფექტიანობისა და დარღვეული უფლებების აღდგენის თვალსაზრისით? რა განსაკუთრებული მიდგომები უნდა არსებობდეს ძალადობის შემსწრე ბავშვების მიმართ? რა გამოწვევებს აწყდებიან უფლებადამცველები პრაქტიკაში და რა ზომები უნდა მიიღონ საგამოძიებო ორგანოებმა და პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლის მეორეული ვიქტმიზაციის თავიდან ასარიდებლად და მსხვერპლის ინტერესების პროაქტიულად დასაცავად? - ეს არის კითხვები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტუალურია მსხვერპლთა დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

პროკურატურას არაერთგვაროვანი მიდგომა აქვს პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ ცალსახაა ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი, პროკურატურა პროაქტიულად მაინც არ ანიჭებს მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსს და ელოდება უშუალოდ მსხვერპლის ან მისი ადვოკატის მიმართვას ან მოძალადისთვის ბრალის წარდგენას.


საქართველოს კანონმდებლობით, პირის დაზარალებულად ცნობა დაკავშირებულია ისეთი უფლებების წარმოშობასთან, როგორიცაა საქმის მასალების გაცნობის/ასლის მიღების შესაძლებლობა, გამოძიების შეწყვეტაზე პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, პოზიციების დაფიქსირება საპროცესო შეთანხმების დადებასა და სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით. პირს დაზარალებულად ცნობს პროკურორი დადგენილებით, პროკურორის უარი დაზარალებულად ცნობაზე შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ზემდგომი პროკურორის უარი -  სასამართლოში.

პრაქტიკაში არსებული გამოწვევები:

„უფლებები საქართველოს“ წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობისთვის მიმდინარეობს, გარდაცვლილი 12 წლის გოგოს  დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო   ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” და პროკურატურას აღნიშნული მოთხოვნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევიდან დაახლოებით სამი კვირა იყო უკვე გასული და დედის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა დღის წესრიგში კიდევ არ იდგა.  

სხვა საქმეზე, რომელიც არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას შეეხებოდა, კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია იყო - არასრულწლოვანის დაზარალებულად ცნობა მხოლოდ გამოძიების დაწყებიდან მესამე წელს, საქმეში „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების ჩართვის შემდეგ მოხდა.

ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ავტობუსში მომხდარ ფემიციდს შეეხება და რომელსაც შეესწრნენ მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილები, პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა.“

სამწუხაროდ, აღნიშნულ საქმეში „უფლებები საქართველო“ მხოლოდ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე ჩაერთო და შეუძლებელი იყო ბავშვებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა.

ერთ-ერთ საქმეში დამდგარი ზიანის შესახებ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ, სამწუხაროდ,  მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიანიჭეს. როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურა ჯერ მოძალადისთვის ბრალის წარდგენას ელოდებოდა და მოძალადის ბრალდებას აღიქვამდა მსხვერპლის დაზარალებულად ცნობის წინაპირობად.

აღნიშნული პრაქტიკა კარგად წარმოაჩენს, რომ პროკურატურა არათანმიმდევრულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების/ძალადობის შემსწრე ბავშვების დაზარალებულად ცნობის საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურა პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით იშვიათად ცნობს პირს დაზარალებულად იმ საქმეებში, რომლებზეც მოძალადისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და აღნიშნული ხშირად მთლიანად მსხვერპლის ინფორმირების ხარისხზეა დამოკიდებული. თუ მსხვერპლს არ ჰყავს ადვოკატი, შესაძლოა წლების განმავლობაში არ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოსა და პროკურატურის ანგარიშვალდებულების დაბალ ხარისხსაც, რადგან დაზარალებულის სტატუსის გარეშე მსხვერპლს არ აქვს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა (იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა, საგამოძიებო ორგანომ/პროკურატურამ კეთილი ნების საფუძველზე გააცნოს მსხვერპლს მასალები) და შესაბამისად, არც გამოძიების ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობა აქვს.

რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება:

მსხვერპლის ჩართულობა, როგორც გამოძიების ეფექტიანობის აუცილებელი კრიტერიუმი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრი ჩართული უნდა იყოს გამოძიების მიმდინარეობაში იმ დოზით, რაც საჭიროა მისი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად.[1] გარდაცვალების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა დარღვევა, როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრს არ მიეცა შესაბამისი დონით ჩართულობის შესაძლებლობა, კერძოდ არ ჰქონდათ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და არ იყვნენ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არ მიეცათ შესაძლებლობა სათანადო პირობებში გამოეკვლიათ სისხლის სამართლის საქმის მასალები.[2] 

რიგ საქმეებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა სახელმწიფოთა მხრიდან სავარაუდო მსხვერპლის ან მისი წარმომადგენლის მოთხოვნის მიუხედავად მათი გამოძიების პროცესში ჩაურთველობა, მათთვის ინფორმაციისა და საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარის თქმა.[3] 

ქალთა და ოჯახში ძალადობის დაფარული ბუნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ძალადობის მსხვერპლს სწრაფადვე მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა ერთი მხრივ ის მუდმივად იღებდეს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ჰქონდეს სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერის იმედი და იცოდეს რომ მოძალადის წინაშე მარტო არ არის დარჩენილი. ხოლო, მეორე მხრივ, შეეძლოს თვალი ადევნოს გამოძიების ხარისხის და თუ უკმაყოფილოა გამოძიების მიმდინარეობით, დროულად მოითხოვს ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს გამოძიებას და ემსახურება მტკიცებულებების დაზიანების/განადგურების პრევენციას.

სულ მცირე ხნის წინ, 2024 წლის მარტში „უფლებები საქართველოს“ წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელიც 12 წლის გოგოს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას ეხება, სახალხო დამცველმა დაასრულა ორგანიზაციის მიერ გადაცემული საქმის მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ გამოძიება საწყის ეტაპზე ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ძირითადად იმ პერიოდს შეეხება, როდესაც ორგანიზაცია არ იყო ჩართული საქმეში, გარდაცვლილი გოგოს დედას არ ჰქონდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მინიჭებული და შესაბამისად, არ გააჩნდა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობის ხარიხის კონტროლის არანაირი ბერკეტი. აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ რიგი საგამოძიებო და საპროცესო ქმედებებისა უნდა ჩატარებულიყო დაუყოვნებლივ და მათი შემდგომში ჩატარება, მტკიცებულებათა დაზიანების გამო, აზრს მოკლებულია.

დაზარალებულად ცნობა, როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა

დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაზარალებული მიმართავს სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით. იმისთვის რომ სასამართლომ მოძალადეს დააკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს დამდგარი ზიანი და მოძალადის ქმედება, რომელმაც აღნიშნული ზიანი გამოიწვია. სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არის სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა. შესაბამისად, თუ პირი არ იქნება ცნობილი დაზარალებულად, შეუძლებელი იქნება, მიმართოს სასამართლოს.

არასწორი პრაქტიკაა ფემიციდის/ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვების დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვება. ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ შორის, და სტამბულის კონვენცია ძალადობის შემსწრე ბავშვებს განიხილავს მსხვერპლებად მათი განსაკუთრებული მოწყვლადობიდან გამომდინარე. სტამბულის კონვენციის 26-ე მუხლი შეეხება ძალადობის მოწმე ბავშვების დაცვის აუცილებლობას.[4] 

სტამბულის კონვენციის 30-ე მუხლის თანახმად, კონვენციის ხელმომწერმა მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა ძალადობის მსხვერპლს ჰქონდეს მოძალადისგან კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც დამდგარი ზიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, შეუძლებელია მოძალადისგან კომპენსაციის მიღება, კომპენსაცია უნდა გასცეს სახელმწიფომ.[5] 

შესაბამისად, საქმეებში სადაც უარს ეუბნებიან ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის შემსწრე ბავშვებს დაზარალებულად ცნობაზე, უსპობენ მათ შესაძლებლობას, მოითხოვონ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოძალადისგან, ხოლო მოძალადისგან კომპენსაციის მიღების შეუძლებელობის შემთხვევაში - სახელმწიფოსგან.

საქართველოს მთავრობის N 523 დადგენილება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გაცემას მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ის პირები, რომლებსაც არ მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი, სახელმწიფოს მხრიდან ვერ მიიღებენ კომპენსაციას მოძალადის მიერ კომპენსაციის გადახდის შეუძლებლობის შემთხვევაში.[6]


რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ:

ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის დაფარული ბუნებიდან გამომდინარე, სხვა დანაშაულებთან შედარებით მტკიცებულებების მოპოვება გაცილებით რთულია. მსხვერპლს უმეტესად უჭირს საუბარი განცდილ ძალადობაზე; აქვს შიში, რომ სახელმწიფო მარტოს დატოვებს მოძალადის პირისპირ. ხშირია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასენსიტიური მოპყრობის შემთხვევები, რაც მსხვერპლის მეორეულ ან ხელახალ ვიქტიმიზაციას იწვევს. აღნიშნული ხშირად მსხვერპლს უბიძგებს, თავი შეიკავოს სახელმწიფო ორგანოებთან შემდეგი კომუნიკაციისგან. შესაბამისად, მიზანშეწონილია რომ პროკურატურამ შემდეგი სტრატეგიით იმოქმედოს მსხვერპლთან:

1.       პროაქტიულად, საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს მსხვერპლს დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი;
2.       ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააცნოს მსხვერპლს ან მის უფლებამონაცვლეს თავისი უფლებები, მათ შორის შესაძლებლობა, მოითხოვოს დაზარალებულად ცნობა;
3.       არ დაელოდოს მოძალადისთვის ბრალის წარდგენას და, თუ მსხვერპლს აღენიშნება ძალადობის კვალი, მიანიჭოს მას დაზარალებულის სტატუსი;
4.       იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მისცეს მას საქმის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა და პერიოდულად ჩააყენოს საქმის კურსში გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.[7]

 

ბლოგი მომზადებულია „უფლებები საქართველოს“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის დაფინანსებით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ბლოგის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „უფლებები საქართველო“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

-----------------------------

[1]  Al-Skeini and Others v. the United Kingdom [GC], § 167
[2] Oğur v. Turkey [GC], § 92; ასევე, Betayev and Betayeva v. Russia, § 88, ასევე, Mezhiyeva v. Russia, § 75  
[3] Chitayev and Chitayev v. Russia, Judgment of 18 January 2007, application no. 59334/00, para. 165. ასევე, Khadisov and Tsechoyev v. Russia, Judgment of 5 February 2009, application no. 21519/02, para. 122.  
[4] ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/3789678?publication=0
[5] იგივე
[6] საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №523 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/5611339?publication=0
[7] აღნიშნული მიდგომა აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სამსახური შიდა რეგულაციის საფუძველზე სავარაუდო მსხვერპლს პერიოდულად აცნობს საქმის მასალებს ადგილზე. ეს მიდგომა ჯერ კიდევ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციონირებისას დამკვიდრდა, რათა დაეკმაყოფილებინა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები მსხვერპლის გამოძიების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის შემდეგ, აღნიშნული რეგულაცია გავრცელდა სპეციალური საგამოზიებო სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზეც, მათ შორის გენდერული ნიშნით განხორციელებული და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზეც.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!