შესვლა

1 წელი ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან

15 მარტი, 2024

გარდაცვალების გარემოებები გამოუძიებელი, საკვანძო მტკიცებულებები კი დაზიანებულია


15 მარტს, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, გოგონას დედამ და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა გამოძიების შედეგების შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც გამოძიების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრეს.

პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდა სახალხო დამცველის დასკვნა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების მიერ გამოძიების პროცესში დაშვებულ მთელ რიგ ხარვეზებსა და დარღვევებზეა საუბარი.

ოჯახი და „უფლებები საქართველო“ განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.

რა  დარღვევებსა და შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობს ანის ოჯახი და „უფლებები საქართველო“

12 წლის ანის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე გამოძიება საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ბევრი ხარვეზით წარიმართა:

- გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში გაიჩეხა შემთხვევის ადგილი;
- დაიკარგა ანის ფრჩხილში არსებული თმის 3 სმ სიგრძის ღერი, რომლის არსებობაც გარდაცვალების დღეს გადაღებული ფოტოთი დასტურდება;
- შენახვის პირობების დაუცველობის გამო, დაზიანდა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება;
- შემთხვევის ადგილთან ახლო მდებარე საბავშვო ბაღის ვიდეო კამერების ჩანაწერები არ გამოკვლეულა; 
- მცირე ქრონომეტრაჟის მასალა იქნა მოპოვებული იმ სკვერის ტერიტორიიდან, სადაც ანი ბოლოს ნახეს ცოცხალი, მაშინ როდესაც სხვა ადგილების ჩანაწერები 72 საათის მოცულობით იქნა ამოღებული. 
- რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა შემთხვევიდან ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩატარდა, მაგალითად, საქმესთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფი პირის ფოტორობოტი ანის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის შემოდგომაზე შედგა.

რას ამბობს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა, „უფლებები საქართველოს“ იურისტების მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა ანის შესაძლო მკვლელობის საქმის მასალები და შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

- სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რომელთა ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, შესაძლოა, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი“.

- სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, „საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ არასრულწლოვან ანი იანუშაიტიტეს მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეის მდგომარეობით, უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია“.

- სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გონივრულ ვადებში ჩატარების წინადადებით. კერძოდ, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი მოქმედებების ჩატარება:

○    შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება;
○    შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება;
○    გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა;
○    ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;
○    მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა.

-  სახალხო დამცველმა წინადადებით ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიების საქმის მწარმოებელი გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე (გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე).

 

რას მოითხოვს ანის ოჯახი და „უფლებები საქართველო“

ანი იანუშაიტიტეს ოჯახი და „უფლებები საქართველო“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას და მოითხოვენ:

-   ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე გამოიძიონ ეფექტიანად. დროულად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო ქმედება;
-    სრულფასოვნად გამოიკვლიონ მტკიცებულებების დაზიანებისა და დაკარგვის ფაქტები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
-    სრულად შესრულდეს სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარდგენილი წინადადებები და წერილობით ეცნობოს ოჯახსა და „უფლებები საქართველოს“ აღნიშნული წინადადებების შესრულების პროგრესის შესახებ;
-    საქმეში ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები.
 

გამოძიებასთან დაკავშირებული ფაქტები

-    2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში იპოვეს 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გვამი.
-    გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განხორციელებული დამნაშავის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
-    საქმეს საპროკურორო ზედამხედველობას უწევს თბილისის პროკურატურა. ასევე, საქმეს მონიტორინგს უწევს გენერალური პროკურატურასთან შექმნილი სიცოცხლის ხელყოფის საქმეების განმხილველი საბჭო.
-    „უფლებები საქართველო“ საქმეში ანის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, 2023 წლის 4 აპრილიდან ჩაერთო.
-    მომდევნო დღეს, 2023 წლის 5 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა და ანის მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ, მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, შემთხვევის ადგილის პირვანდელი სახე განადგურებულია.
-    „უფლებები საქართველოს“ იურისტის მოთხოვნის საფუძველზე 2023 წლის 3 მაისს დაინიშნა  კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო 2023 წლის 11 მაისს დამატებითი კითხვები წარედგინა ლევან სამხარაულის სახელობის  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ოჯახმა საქმეში ჩართო დამოუკიდებელი ექსპერტი.
-    2023 წლის 27 ივნისს „უფლებები საქართველომ“ სახალხო დამცველს მიმართა ანის შესაძლო მკვლელობის საქმის შესწავლის მოთხოვნით. საგამოძიებო ორგანომ ომბუდსმენს საქმის მასალების გადაცემაზე უარი უთხრა, ამიტომ ისინი სახალხო დამცველის აპარატს „უფლებები საქართველომ“ გადასცა.
-    2023 წლის ზაფხულში გამოირკვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცებულებები დაზიანდა. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ ანის გვამიდან აღებული დნმ-ის ნიმუშის არასწორად შენახვის გამო, ნივთმტკიცება დაზიანდა და გაუჩნდა ობი. აღნიშნული ნიმუშების გამოკვლევის შედეგად უნდა დადგენილიყო, იყო თუ არა უცხო პირის დნმ-ს კვალი 12 წლის გოგოს სხეულზე. მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, 2023 წლის 3 ივლისს „უფლებები საქართველომ“ კითხვებით მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ხოლო 2023 წლის 4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.
-    პროკურატურამ 2023 წლის 17 ოქტომბერს სამხარაულის ბიუროს ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული საქმის სასამართლოში არსებითად განხილვა 2024 წლის 29 თებერვალს დაიწყო.
-    2024 წლის 15 თებერვალს, ანის მშობლებმა კიდევ ერთხელ მიმართეს პროკურატურასთან არსებულ სიცოცხლის ხელყოფის საქმეების განმხილველ  საბჭოს და სთხოვეს წერილობითი პასუხი უცხოელი ექსპერტების ჩართვის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
-    2024 წლის 1 მარტს, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა დაასრულა მუშაობა დასკვნაზე, რომელიც ანის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმის შესწავლის შედეგად მომზადდა და გამოძიებისას დაშვებული არაერთი დარღვევა დაადგინა. ომბუდსმენმა აღნიშნული დასკვნა (წინადადება) წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას. დოკუმენტი „უფლებები საქართველოს“ 2024 წლის 4 მარტს გადაეცა.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!