შესვლა

მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა

16 აგვისტო, 2022

მოძალადე პოლიციელი მიიჩნევდა, რომ შეილახა მისი რეპუტაცია და იარაღის ტარების უფლების შეჩერების გამო, ხელი შეეშალა სამსახურებრივ კარიერაში

ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამო, პოლიციელის მიმართ, 2022 წლის 2  აგვისტოს, გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მოძალადემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მოძალადემ სარჩელში მიუთითა, რომ მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემით ილახება მისი რეპუტაცია და ხელი ეშლება სამსახურებრივ კარიერაში, ვინაიდან შეჩერებული აქვს იარაღის ტარების უფლება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დიანა ფარქოსაძემ, 2022 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას მსხვერპლის დაცვა და მოძალადისთვის ისეთი ამკრძალავი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს, რომელთა მოქმედების პირობებში მოძალადედ დასახელებული პირი სამომავლოდ ვერ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რაც ადამიანს აქცევს ძალადობის მსხვერპლად. 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, სატელეფონო საუბრების ჩანაწერების, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალსახად იკვეთება, მსხვერპლის მიმართ, მათ შორის,  ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტები. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო, ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების სისტემატური ხასიათი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მსხვერპლის მიმართ ძალადობის სამომავლო რისკები. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა, სამომავლოდ, შესაძლო ძალადობის პრევენციის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობა. 

საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად „უფლებები საქართველოს“ ადვოკატის ელისო რუხაძის აქტიური ძალისხმევით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 4 აგვისტოს დაამტკიცა. მოძალადემ, ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც ამ საკითხზე 2022 წლის 17 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

„უფლებები საქართველო“ განაგრძობს მსხვერპლი ქალის ინტერესების დაცვას, როგორც ადმინისტრაციული დავის, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. 

„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!