„უფლებები საქართველომ“ სუს-ს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
7 ივლისი, 2022თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ სუს-ის მიერ პოლკოვნიკ გიორგი მურთაზაშვილის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ ცნო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მურთაზაშვილის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
20-წლიანი მუშაობის სატაჟის მქონე პოლკოვნიკ გიორგი მურთაზაშვილს სამსახური 2020 წლის 21 თებერვალს დაატოვებინეს. მიზეზი გახდა მურთაზაშვილის მიერ, ორი დღით ადრე, სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ფეისბუკ პოსტზე გაკეთებული კომენტარი - „აწი რაღა გვიჭირს!“, რომლითაც მურთაზაშვილი სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნას გამოეხმაურა.
მურთაზაშვილმა „უფლებები საქართველოს“ მიმართა დახმარებისათვის და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების განყოფილებაში გადაყვანის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის დაკისრების მოთხოვნით.
„უფლებები საქართველო“ და მურთაზაშვილი ასევე ითხოვდა, სასამართლოს დაედგინა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია და უსაფრთხოების სამსახურს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა და მორალური ზიანისათვის სახით 10 000 ლარის გადახდა დაკისრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა „უფლებები საქართველოს“ და მურთაზაშვილის არგუმენტები, და 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მურთაზაშვილის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მურთაზაშვილის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.