„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ მოიგო დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ა.ი.-ს მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
2021 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ მიერ სააპელაციო შესაგებელში მითითებული სამართლებრივი დასაბუთება და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავისას ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა „უფლებები საქართველოს“ იურისტი მარიამ მაღრაძე, IOM-ის პროექტის - „COVID-19 და მიგრანტების საჭიროებები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მხარდაჭერით.