„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, რელიგიის გამო ირანიდან დევნილს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება

2021 წლის 8 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ვ.ჰ.-სათვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ და შსს მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა ბ.ვ.ჰ.-სთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
ბ.ვ.ჰ-მა წარმოშობის ქვეყანა (ირანის ისლამური რესპუბლიკა) დატოვა, რადგან იგი დაექვემდებარა დევნას რელიგიის (ისლამის) შეცვლის და ქრისტიანობის მიღების გამო. რელიგიური კონვერტაციის ფაქტი შსს მიგრაციის დეპარტამენტმა არ მიიჩნია სანდოდ.
შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარი „უფლებები საქართველოს“ ჩართულობით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2021 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ სასარჩელო მოთხოვნა და მიიჩნია, რომ მოსარჩელე სრულად აკმაყოფილებდა მისთვის ლტოლვილის მინიჭების კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შსს მიგრაციის დეპარტამენტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბ.ვ.ჰ.-სთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ საჩივრდება.
ბ.ვ.ჰ.-ს ინტერესებს, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში იცავდა „უფლებები საქართველოს“ იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი.
სამართლებრივი დახმარება ბ.ვ.ჰ.-ს გაეწია პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ახორციელებს.