„უფლებები საქართველომ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსის განმეორებით გამოცხადება მოითხოვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატები კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ
გუშინ, 2022 წლის 4 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევმა სამთავრობო კომისიამ კონკურში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება გამართა და პრემიერ-მინისტრს პერსონალური მონაცემების დაცვის უფროსის თანამდებობაზე 3 კანდიდატურა - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.
კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას იღებდა „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი, რომელიც კომისიაში სახალხო დამცველის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტით იყო წარდგენილი.
კონკურსანტებთან გასაუბრების საფუძველზე, „უფლებები საქართველომ“ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატები ვერ პასუხობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისათვის აუცილებელი ცოდნისა და დამოუკიდებლობის მინიმალურ და ელემენტარულ საბაზისო მოთხოვნებს, რის გამოც აუცილებელი იყო კონკურსის განმეორებით გამოცხადება.
სამთავრობო კომისიამ არ გაიზიარა კარლო ნიკოლეიშვილის პოზიცია და კონკურსში მონაწილე 5 კანდიდატიდან პრემიერ მინისტრს 3 კანდიდატი წარუდგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად. „უფლებები საქართველო“ ემიჯნება კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს განსხვავებულ აზრს.
გასაუბრების პროცესში „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებთან ერთად, უმთავრეს შესაფასებელ კრიტერიუმს წარმოადგენდა კანდიდატის ცოდნა და გამოვლენილი დამოუკიდებლობის ხარისხი.
სამწუხაროდ, გამოვლინდა, რომ გასაუბრებაზე წარმოდგენილმა პირებმა სათანადოდ არ იცოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები; ვერ პასუხობდნენ ისეთ საბაზისო კითხვებს, როგორიცაა: რას გულისხმობს პერსონალური მონაცემების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შინაარსი; ვრცელდება თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება მედია საშუალებებზე; როგორია ფარული მიყურადებისა და ჩაწერის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობითი როლი და მნიშვნელობა, და სხვა. ერთ-ერთი კანდიდატის განცხადებით, სამსახურის უფროსად დანიშვნის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მისთვის ტრენინგის ჩატარება და გადამზადება.
უფრო მეტიც, პროცესში მონაწილე კანდიდატები, სპეციალურად შერჩეულ კითხვებზე პასუხის გაცემისას ვერ ავლენდნენ სათანადო დამოუკიდებლობის ხარისხს - ერთ-ერთმა კანდიდატმა ისიც კი განაცხადა, რომ სამსახურის უფროსს ცალკეული საკითხები უნდა შეეთანხმებინა პროკურატურასთან.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი კანდიდატები არ ფლობენ აღნიშნული მაღალი თანამდებობის პირისათვის საჭირო ცოდნას, უნარებს და კვალიფიკაციას, ვერ აკმაყოფილებენ დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს.
„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, გაითვალისწინოს „უფლებები საქართველოს“ მიერ წარდგენილი განსხვავებული აზრი და მიიღოს გადაწყვეტილება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ.