„უფლებები საქართველოს“ განმარტება მოსამართლეთა განათლების ხარისხის შესაბამისობის კვლევასთან დაკავშირებით

მოსამართლეების - მადონა მაისურაძის და დავით ნარიმანიშვილის მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ დიპლომებთან მიმართებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს
2021 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა განათლების ხარისხის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან“.
კვლევის თანახმად, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა და მადონა მაისურაძემ უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან“ მოიპოვეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი და სამართლებრივი დასაბუთება კითხვის ნიშნებს აჩენდა ამ მოსამართლეების განათლების ხარისხის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.
კვლევის დასრულების და გამოქვეყნების შემდეგ, 2021 წლის 9 ივნისს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლს დაემატა მე-8(6) პუნქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან“.
შესაბამისად, მოსამართლე მადონა მაისურაძის (დამთავრებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) და დავით ნარიმანიშვილის (დამთავრებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის შსს აკადემია) დიპლომები მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდა საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე და აღარ არსებობს კითხვის ნიშნები მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.