ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგი
17 ნოემბერი, 2021საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ 17 ნოემბერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროეს.
სახალხო დამცველისა და „უფლებები საქართველოს“ სპეციალური ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში ჩატარებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც პროექტის მკვლევარები სისხლის სამართლის 30 საქმეზე დააკვირდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვას.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად იკითხებიან ისეთ ვითარებაში, რომელიც არ უზრუნველყოფს დაზარალებულ ქალთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას. არ ხდება დაზარალებული ქალების სრულყოფილი ინფორმირება უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ, აგრეთვე - მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარების გაწევა. გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივ მდგომარეობას ართულებს სასამართლოს შენობების ინფრასტრუქტურაც.
სპეციალური ანგარიშის თანახმად, დაზარალებული ქალების მეორეულ ვიქტიმიზაციის რისკები განსაკუთრებულად ძალადობაში ბრალდებული პირებისგან და მათი ადვოკატებისგან მომდინარეობს. ცალკეული დაკითხვების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადვოკატების კითხვები და რეპლიკები იყო არარელევანტური ან დამადანაშაულებელი, ასევე, ატარებდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ხასიათს. საყურადღებოა, რომ სასამართლოების ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ქალის და მოძალადის ან მისი ახლობლის ფიზიკური თუ ვერბალური კომუნიკაციის თავიდან აცილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ძალადობის მსხვერპლ ქალზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებისა და მისი მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, დაკითხვის დროს ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანი გამოწვევებია დაზარალებულის უფლებების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ ქალთა ინფორმირების კუთხით. კერძოდ, მოსამართლეები ძალადობის მსხვერპლ ქალებს არ აწვდიან ან არასრულად აწვდიან ინფორმაციას მათი უფლება-მოვალეობების, მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დამცავი და მხარდამჭერი მექანიზმების, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების და იქ არსებული სერვისების თაობაზე. გარდა ამისა, დაკითხვის პროცესებში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები და დაზარალებულის ადვოკატები. არსებით პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი სრულწლოვანი ქალის უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობას.
გამოწვევებთან ერთად, სპეციალური ანგარიში შეიცავს საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურისათვის მომზადებულ რეკომენდაციებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო რეფორმების გატარებას, მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას და სასამართლოს ინფრასტრუქტურის დახვეწას ითვალისწინებს.
სპეციალური ანგარიში მომზადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა, სასამართლოში მათი დაკითხვის პროცესის მონიტორინგის და შემდგომი ადვოკატირების გზით“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.