შეკრების თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები საქართველოში
17 სექტემბერი, 20212021 წლის 17 სექტემბერს, „უფლებები საქართველომ“ საქართველოში შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევების შესახებ მომზადებული ანგარიშის შედეგები გაასაჯაროვა.
ანგარიშის მიხედვით:
• კვლავაც სერიოზული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები არსებობს შეკრების მონაწილეებისა და მედია აქტორების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების კუთხით;
• სათანადოდ მოწესრიგებული არ არის ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისა და ქვეითთა სავალ ნაწილზე კარვებისა და სხვა კონსტრუქციების განლაგების საკითხი;
• არ არსებობს შეზღუდვების გასაჩივრების ეფექტიანი და მყისიერი მექანიზმი.
ანგარიში ასევე აფასებს და მნიშვნელოვან გამოწვევებს ავლენს ლგბტქი თემის მიერ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების რეალიზების კუთხით.
ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის კვლევის ფარგლებში გამოვლენილი გამოწვევები „უფლებები საქართველოს“ მიერ შეფასდა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების ჭრილში და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის საკანონმდებლო წინადადებების სახით.
„უფლებები საქართველომ“ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნა სახელმძღვანელო „შეკრების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოება“, რომელიც მომზადდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან“ თანამშრომლობით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთავაზობს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს შეკრებების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო წესებს.
ანგარიშისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მხარდაჭერით.