მოსამართლეთა დიპლომების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების კვლევა
23 აპრილი, 20212021 წლის 23 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საერთო სასამართლოების მოსამართლეების შესახებ მომზადებული 3 კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევები მოიცავს მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და მოსამართლეთა ქცევას სოციალურ მედიაში (ფეისბუკში).
ჩამოტვირთეთ კვლევები:
1. მოსამართლეთა განათლების ხარისხის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
[შენიშვნა: http://rights.ge/ka/advert/56]
2. მოსამართლეთა ქცევა და გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში
3. მოსამართლეთა ფინანსური დეკლარაციების და ქონებრივი მდგომარეობის ანალიზი
კვლევების მოკლე მიმოხილვა
1. მოსამართლეთა განათლების ხარისხის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით“.
ინფოგრაფიკა №1, ინფოგრაფიკა №2
„უფლებები საქართველომ“ შეისწავლა 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები. კვლევის შედეგად დადგინდა:
- 11 მოსამართლეს - მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.
- 11 მოსამართლიდან ხუთის (ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის, ინდირა მაშანეიშვილის, მაია გიგაურის და ანაიტა ოგანესიანის) შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.
- განსაკუთრებით პრობლემურია ორი მოსამართლის - მაია გიგაურის და ანაიტ ოგანესიანის შემთხვევა. მოსამართლე მაია გიგაურის დიპლომთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტებით, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, რომელზეც მოსამართლე სწავლობდა, არ ითვალისწინებდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას.
წარმოდგენილი დიპლომით, მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა 1997 წელს დაასრულა ერევნის ეკონომიკურ-იურიდიულ უნივერსიტეტი. სომხეთის მხარის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი სომხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იყო მხოლოდ 2001 წლიდან. ამ თარიღამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება, რომელიც ადასტურებს დიპლომის ნამდვილობას და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის მიუხედავად, ზემოთჩამოთვლილმა 11-მა მოსამართლემ სასამართლოს გზით გადაწყვიტა დიპლომების დადასტურება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება და სასურველ შედეგსაც მიაღწია - სასამართლომ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს დაავალა სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად ეცნო, რაც იმას ნიშნავს რომ 11-მა მოსამართლემ საკუთარი უმაღლესი განათლების ხარისხი სასამართლოს საშუალებით შეუსაბამა მოსამართლეობისათვის საჭირო საკანონმდებლო მოთხოვნას. სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები კრიტიკას ვერ უძლებს.
2. მოსამართლეთა ქცევა და გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში
საერთაშორისო სტანადარტების, რეკომენდაციების და საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე პრიმა მუხლი), მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ასევე, „მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმ პოსტების მოწონებისგან ან გაზიარებისგან, რომლებიც ეწევიან რასიზმის, სიძულვილის, ჰომოფობიის ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის პროპაგანდას.
მოსამართლეთა სოციალურ ქსელში წარმართული აქტივობების კვლევა საქართველოში პირველად განხორციელდა. კვლევის ფარგლებში „უფლებები საქართველომ“ მოიძია 299 მოსამართლის Facebook პროფილი; შეისწავლა და დაამუშავა 187 მოსამართლის ქცევა სოციალურ მედიაში როგორც მოსამართლედ გამწესებამდე, ისე შემდგომ პერიოდში (112 მოსამართლის ფეისბუკის გვერდის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა).
ინფოგრაფიკა №3, ინფოგრაფიკა №4, ინფოგრაფიკა №5
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
- სოციალურ მედიაში, პოლიტიკურ შეხედულებებს მოსამართლეთა მცირე ნაწილი გამოხატავს , რაც ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, აზიანებს სასამართლო სისტემის ავტორიტეტს და შესაძლოა ცალკეულ საქმეებზე აჩენდეს კითხვის ნიშნებს მიუკერძოებლობის კუთხით;
- სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი ან არაეთიკური აქტივობა;
- მოსამართლეთა ნაწილი Facebook-ის პლატფორმას იყენებს რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გასაზიარებლად, რაც ცალკე აღებული წინააღმდეგობაში არ მოდის სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებთან, თუმცა შესაძლებელია, ინდივიდუალურ შემთხვევებში მიკერძოებულობის ნიშნებს შეიცავდეს და გახდეს აცილების/თვითაცილების საფუძველი.
- მოსამართლეთა დიდი ნაწილი სოციალურ ქსელს იყენებს პირადი ინფორმაციის განსათავსებლად .
- ათეულობით მოსამართლე იყენებს თავის ფეისბუკ გვერდს აკადემიური, საგანმანათლებლო აქტივობების გასაზიარებლად და მართლმსაჯულების სისტემის პოპულარიზაციისათვის; ავლენს სამოქალაქო აქტივიზმს, ასევე ეხმიანება პატრიოტულ თემებს და ოკუპაციას.
3. მოსამართლეთა ფინანსური დეკლარაციების და ქონებრივი მდგომარეობის ანალიზი
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი მოსამართლეს, როგორც თანამდებობის პირს, ავალდებულებს ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას, უკრძალავს სამეწარმეო საქმიანობას და კანონით დაშვებულის გარდა, სხვა საჩუქრების მიღებას.
„უფლებები საქართველომ“ 300 მოსამართლის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციები შეისწავლა (კვლევაში მოცემული ინფორმაცია წარმოდგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით).
კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საჯარო რეესტრში აღრიცხული მოსამართლის უძრავი ქონება არ არის დეკლარაციაში შეტანილი. ასეთი შემთხვევების შესახებ „უფლებები საქართველომ“ უკვე მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს საკითხის შესწავლისა და რეაგირებისათვის. ასევე დადგინდა, რომ:
- მოსამართლეები, საშუალოდ შემოსავლების 19%-ს ხარჯავენ უძრავი ქონების შეძენაში;
- ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლის მიერ შეძენილი უძრავი ქონება თითქმის უახლოვდება მის შემოსავლებს და ერთეულ შემთხვევებში აჭარბებს კიდეც. აღნიშნული კითხვის ნიშნებს ბადებს და სათანადო ორგანოების მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებს;
- ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს უძრავი ქონების შეძენისას, დეკლარაციის მიხედვით, არ გააჩნდა შესაბამისი ქონების შეძენისათვის საჭირო თანხა.
- 206 მოსამართლეს (68.6%) ან მისი ოჯახის წევრს აღებული აქვს სესხი;
- დეკლარაციების შევსებისას, ხშირ შემთხვევაში, არ არის მითითებული საჩუქრის გამცემი პირი და მისი კავშირი მოსამართლესთან, რის გამოც შეუძლებელია კანონთან შესაბამისობის საკითხის გარკვევა.
- მოსამართლეთა მიერ შეუთავსებელი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ფაქტი არ გამოვლენილა;
***
ანგარიშები მომზადდა პროექტის „მოსამართლეთა დიპლომების, სამეცნიერო დისერტაციების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.