შესვლა

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

17 მარტი, 2021

17 მარტს, „უფლებები საქართველომ“ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 

კვლევის ანგარიში, რომელიც მონიტორინგის შედეგად მომზადდა, მიმოიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, აანალიზებს საერთაშორისო სტანდარტებთან კანონისა და პრაქტიკის შესაბამისობას, აგრეთვე შეიცავს რეკომენდაციებს დისციპლინური სისტემის  ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ჩამოტვირთეთ ანგარიში
- პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი 
ინფოგრაფიკები

კვლევის ძირითადი მიგნებები:

•    2004-2012 წლებში, დისციპლინური წესით საქართველოს საერთო სასამართლოების 206 მოსამართლე იქნა დასჯილი, 2013-2020 წლებში კი - მხოლოდ შვიდი. „უფლებები საქართველოს“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს განსხვავება მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებით შეიძლება აიხსნას: თუ 2012 წლამდე დისციპლინური სისტემა იყო მეტისმეტად მკაცრი და ორიენტირებული იყო მოსამართლეების დასჯაზე, 2012 წლის შემდეგ სისტემა გახდა მეტისმეტად ლიბერალური, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, ის აჩენს პროტექციონიზმის ეჭვს.    
•    2013-2019 წლებში, ხელისუფლებამ, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში,  მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის მიმართულებით, მათ შორის, შექმნა დისციპლინურ საქმეთა განმხილველი დამოუკიდებელი ორგანო - სადისციპლინო კოლეგია, აგრეთვე - დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება-გამოკვლევის უფლებამოსილებით აღიჭურვა. 
•    მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დისციპლინური სისტემის საკანონმდებლო ჩარჩო სისტემის განჭვრეტადობის, გამჭვირვალობის, მოსამართლის უფლებების დაცვის მიმართულებით, „უფლებები საქართველოს“ კვლევა ცხადჰყოფს, რომ დისციპლინურმა სისტემამ საზოგადოებრივი ნდობა მაინც ვერ მოიპოვა. კერძოდ, კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპოდენტები (ადვოკატები) ხშირად მიუთითებდნენ, რომ მათ არ აქვთ ნდობა დისციპლინური სისტემის მიმართ, რის გამოც თავს იკავებენ დისციპლინური საჩივრის წარდგენისგან.  

„უფლებები საქართველოს“ ექსპერტებმა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის დახვეწის მიზნით, მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ისინი მიიჩნევენ, რომ დასახვეწია დისციპლინური გადაცდომების სისტემა, შესამუშავებელია დისციპლინური გადაცდომების განმარტებები, გასაფართოებელია როგორც მოსამართლის, ასევე მომჩივანის უფლებები, გაუმჯობესებას საჭიროებს დისციპლინურ საკითხებზე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებების ხარისხი და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ „უფლებები საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილს იზიარებს დამოუკიდებელი ინსპექტორიც, რომლის კომენტარებიც და მოსაზრებებიც ასახულია გამოქვეყნებულ კვლევაში. 

კვლევის ანგარიში მომზადდა პროექტის „დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „უფლებები საქართველო“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!