შესვლა

„უფლებები საქართველოს“ შეფასება „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის  ამოღებაზე გაცემული  განჩინების შესახებ

12 მარტი, 2021

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტელეკომპანია პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს. 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი იცავს პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვას. კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება“. ამ ნორმაში, კანონმდებელმა ასახა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (1)  გათვალისწინებული მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ, დაიცვას ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობა. 

საყურადღებოა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის რეკომენდაცია No. R (2000) 7 ითვალისწინებს ტერმინების მკაფიო განმარტებებს. კერძოდ, „ინფორმაცია“ გულისხმობს ნებისმიერ ფაქტის შემცველ განცხადებას თუ მოსაზრებას, ტექსტური, ხმოვანი ფორმით თუ გამოსახულებით. „წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის ინფორმაციას ჟურნალისტს. ხოლო „წყაროს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“ მოიცავს ნებისმიერ შემდეგ ინფორმაციას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას წყაროს დასადგენად:

ა) წყაროს სახელი, გვარი და პერსონალური მონაცემები, აგრეთვე მისი ხმა და გამოსახულება;
ბ) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებშიც ჟურნალისტმა ინფორმაცია მოიპოვა წყაროსგან;
გ) წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოუქვეყნებელი ნაწილი; 
დ) ჟურნალისტის და მათი დამსაქმებელის პერსონალური მონაცემები, რომლებიც მათ პროფესიულ საქმიანობას შეეხება. 

ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობის განმარტება, რომელიც  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გააკეთა საქმეზე Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პოლიციის მიერ გამომცემლობიდან მასალების ამოღებას შეეძლო ჟურნალისტური წყაროს იდენტიფიცირება. საქმეზე დადგინდა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

აქცენტის გადატანა იმ საკითხზე, თუ რამდენად თანაბარზომიერი შეიძლება იყოს მასალების ამოღება „ტელეკომპანია პირველიდან“ გამოხატვის თავისუფლების საპირწონე იმ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით არის გათვალისწინებული (საზოგადოებრივი უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღკვეთა), არის თვისობრივად არასწორი. 

ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თანაბარზომიერების შეფასებამდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, რამდენად აქვს ჩარევას კანონიერი საფუძველი და რამდენად აკმაყოფილებს, შესაბამისი ნორმა ხარისხობრივ მოთხოვნებს. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გამხელასთან დაკავშირებით, რომლის გამხელის აუცილებლობაც დამტკიცდა.“ სანომას საქმეზე გაკეთებული განმარტების ჭრილში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ეს ფორმულირება, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება იმავე მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი ჟურნალისტური წყაროს აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის მოთხოვნას და უშვებს ჩარევის საფუძვლის ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას. ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული სასამართლო, თვითნებობას არ გამორიცხავს. 

ჩარევა, რომელსაც არ აქვს კანონიერი საფუძველი, ან თუ კანონიერი საფუძველი არის ბუნდოვანი, არ აკმაყოფილებს სიცხადის, წინასწარგანჭვრეტადობის მოთხოვნებს და რეალურად არ ითვალისწინებს თვითნებობისგან დაცვის გარანტიებს, აგრეთვე ჩარევა, რომელიც სცილდება კანონიერი საფუძვლის ფარგლებს, არის უკანონო. ასეთ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თანაბარზომიერების შესახებ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ადგენს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერების შემოწმების პირველი კრიტერიუმი არის სწორედ კანონიერება.

იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის სფეროში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ სპეციალურ კანონად წოდებულმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონმა აღიარა ჟურნალისტური წყაროს აბსოლუტური პრივილეგიით დაცვის აუცილებლობა, დაუშვებელია ამ უმნიშვნელოვანესი გარანტიის შეკვეცა შეფარული მეთოდებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არის სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება, „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის  ამოღების შესახებ. აღნიშნული ჩარევა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს. 

-----------

(1)  ეს აქტებია: მასმედიის პოლიტიკის შესახებ მე-4 ევროპულ მინისტერიალურ კონფერენციაზე 1994 წელს მიღებული ჟურნალისტური თავისუფლებებისა და უფლებების შესახებ რეზოლუცია, ევროპული პარლამენტის 1994 წლის რეზოლუცია ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის რეკომენდაცია No.R(2000) 7 ჟურნალისტების უფლებაზე, არ გაამჟღავნონ მათი ინფორმაციის წყარო.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!